Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ჯიბის ფული? - ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე

​​ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე ბავშვებისთვის ფულთან მოპყრობის წესების სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ბავშვს არ მივცემთ თანხას, ის ვერ ისწავლის ფულთან ურთიერთობას:

„ფულთან მოპყრობას ვერ ისწავლის ბავშვი, თუ არ მიეცი ფული. ფულთან მოპყრობა ნიშნავს, რომ ​ბავშვმა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ფინანსურ მდგომარეობაზე, ისწავლოს მისი გახარჯვა. ბავშვის ფულთან ურთიერთობა სამ მნიშვნელოვან პრინციპს უნდა ემყარებოდეს: მან უნდა იცოდეს, რომ ამ ფულიდან აქვს უფლება რაღაცის გახარჯვის, რაღაც უნდა შეინახოს და რაღაც ქველმოქმედებისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამას ბავშვი პირველივე ჯერზე ვერ ისწავლის და უცებ კარგი ეკონომისტი ვერ გამოვა. ეს ხშირად უფროსებსაც გვიჭირს. რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო მეტია გასავალი და დანახარჯიც. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვიან ვიწყებთ ფულთან ურთიერთობას. ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვსაც კი, ფულთან ურთიერთობისას პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად, უნდა მივცეთ გარკვეული თანხა და ვასწავლოთ, რა შეუძლია მიიღოს ამ თანხით. ფულს ბავშვისთვის უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. ის უნდა ხვდებოდეს, რომ ფული მარტივად არ მოიძიება.“

ელენე ჯაფარიძის თქმით, ბავშვი​ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას უნდა იცნობდეს:

„როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ფულთან ურთიერთობა? ეს მარტივად არ ხდება. ის ჩართული უნდა იყოს მთლიან პროცესში. ხშირად მოზარდებმა საერთოდ არ იციან, საიდან მოდის ფული. ვერ ხვდებიან, როგორ გამოიმუშავებენ მშობლები ფულს და რა გასავალი აქვს ოჯახს. თუ ბავშვი ერთხელ მაინც ჩახედავს ​კომუნალური გადასახადის ქვითარს, ის ბევრ რამეს მიხვდება. მნიშვნელოვანია მისი ასაკის გათვალისწინებაც. ოთხი წლის ბავშვს კომუნალურ გადასახადებზე ვერ დავუწყებთ ლაპარაკს. როდესაც ვკითხულობთ, რამდენი უნდა იყოს ბავშვის ბიუჯეტი, ეს მთლიანად დამოკიდებულია ოჯახის ბიუჯეტზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ სოციუმშია ბავშვი. თუ ის დადის ძვირადღირებულ სკოლაში და მისი თანაკლასელების ბიუჯეტი მისას აღემატება, კრიზისი რომც არ იყოს, ის ხედავს ამ განსხვავებას.“

„მთავარია ბავშვს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა ის ტრავმირებული არ იყოს . მან უნდა იცოდეს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის ანარეკლია.​ ბულინგი სკოლაში ყველაზე ხშირად ფულის საკითხთან არის ხოლმე დაკავშირებული, როდესაც ხდება ბავშვისთვის ფულის გამოძალვა. სამწუხაროდ, ხდება ძალაუფლების არასწორი გადანაწილება. ამიტომ ბავშვისთვის ფულის მიცემა საფრთხილო საკითხია. ერთია, რომ ჩვენ გვინდოდეს მისთვის ფინანსური უნარების გამომუშავება, მეორეა, რომ ეს არ იქცეს ძალადობრივი მოპყრობის მიზეზად. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას და რას ვასწავლით ბავშვს ფულის შესახებ. თუ ჩვენ სისტემატურად ბავშვი გავანებივრეთ იმით, რომ მას აქვს ფული, ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მან უნდა იცოდეს, რომ თუ ერთ თვეში 200 ლარს აძლევთ, ის კი ამ თანხას ორ დღეში გახარჯავს, მას მეტი შემოსავალი აღარ ექნება,“ - აღნიშნავს ელენე ჯაფარიძე.

წყარო: ​დილა პირველზე

წაიკითხეთ სრულად