Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ბავშვებში პროტესტს აჩენს, ის ყველას მტკივნეულად ახსოვს,“ - ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი

„ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ბავშვებში პროტესტს აჩენს, ის ყველას მტკივნეულად ახსოვს,“ - ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი

ფსიქოლოგმა ეკა ნინოშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ქცევის თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარებს ემოციების დარტყმის, კბენის ან სხვა აგრესიული ფორმით გამოხატვა ახასიათებთ. მისი თქმით, მშობელმა ბავშვს მსგავსი ქცევა უნდა აუკრძალოს:

„ეს ყველაფერი ასაკთან არის ბმაში. განსაკუთრებით ხშირია პატარა ასაკის ბავშვებთან დარტყმა, კბენა, თმების მოქაჩვა. ბავშვს არ ჰყოფნის ლექსიკური მარაგი, რომ სწორად გამოხატოს, რას გრძნობს. ბავშვი ძალიან ემოციურია, პირველ რიგში, ემოცია მოდის. გამოხატვის ეს ფორმა უფრო ხშირად პატარა ასაკის ბავშვებს ახასიათებთ, ვიდრე მოზრდილ ბავშვებს. მშობელი როდესაც ამბობს, რომ არაუშავს, ​ეს არასწორი რეაქციაა. აუცილებელია აკრძალვა, ხელის გაკავება, მკაცრი ტონით თქმა, რომ ეს არ შეიძლება.“

ეკა ნინოშვილის თქმით, მშობლებს ლოიალობასა და სიმკაცრეს შორის ოქროს შუალედის დაცვა ყველაზე მეტად უჭირთ:

​ოქროს შუალედის დაცვა არის პრაქტიკაში ყველაზე ძნელი, მე როდის ავუკრძალო და როდის ვიყო ლიბერალური მშობელი, რაღაცებს არ მივაქციო ყურადღება. უკიდურესობა არასდროს არის მისაღები. არის სიტუაცია, როდესაც აკრძალვა აუცილებელია. მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის განუმეორებელი მოდელი. ყველა მშობელს და შვილს აქვს ურთიერთობის თავისი სტრუქტურა. არსებობს ზოგადი მოდელი, რომელიც მიღებულია. არის როგორც წახალისების, ისევე დასჯის ფორმებიც.“

ეკა ნინოშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისას მეტისმეტი კეთილგანწყობის გამოჩენა მას სერიოზულ ზიანს აყენებს:
„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას ვაძლევ, ის ეჩვევა, რომ მზამზარეული უნდა მიეცეს ყველაფერი. მისი მსოფლმხედველობა ასე ყალიბდება: „მე ვიმსახურებ იმას, რომ ცხოვრებამ ყველაფერი უნდა მომცეს.“ გარკვეული ფორმით ის ოჯახში შემდეგ ტირანადაც შეიძლება იქცეს, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მისი მარიონეტები გახდნენ. ბავშვს ეს ოჯახიდან გააქვს გარეთ, ის ამას ითხოვს თანატოლებისგანაც, იწყება ​სოციალიზაციის პრობლემები. თანატოლები ასე მზამზარეულს აღარ იღებენ. თუ ოჯახი სათბურში კეთილგანწყობით ზრდიდა ბავშვს, საბოლოოდ ეს მისთვის გამოდის არასასურველი შედეგის მომტანი.“

„უფროს დედმამიშვილებს ძალიან მტკივნეულად ახსოვთ მსგავსი გამოცდილება. ​ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ყველას მტკივნეულად ახსოვს. ყოველთვის ჩნდება პროტესტი. ბავშვს სჭირდება სამართლიანობის განცდა მშობლის მხრიდან. არგუმენტი, რომ შენ დიდი ხარ და დაუთმე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა დედმამიშვილმა რაღაც არასწორად გააკეთა, აბსოლუტურად არასწორია. მშობელმა აუცილებლად უნდა ასწავლოს ბავშვებს სწორი ურთიერთობის ფორმა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკობრივი ზღვარი როგორია. თუ მშობელმა მედიატორის როლი არ ითამაშა, შესაძლოა, დედმამიშვილებს შორის აგრესიაც კი გაჩნდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ნინოშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად