Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ პირველი ჯიუტობის ხანაში ჩვენ აკრძალვებს მივმართეთ, მოვა თუ არა პუბერტატის პერიოდი, უცებ იფეთქებს ბავშვი,“ - ნანა ჩაჩუა

„თუ პირველი ჯიუტობის ხანაში ჩვენ აკრძალვებს მივმართეთ, მოვა თუ არა პუბერტატის პერიოდი, უცებ იფეთქებს ბავშვი,“ - ნანა ჩაჩუა

​​ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ორიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების ქცევის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბავშვის ცხოვრებაში ჯიუტობის ხანაა:

„ორი წლიდან ოთხ წლამდე ბავშვი აცნობიერებს, რომ „მე ვარ მე.“ ამიტომ ეს არის ჯიუტობის ხანა. ბავშვს უნდა, რომ ყველას ყველაფერი წაართვას, თვითონ არაფერი არ მისცეს. მშობლები შეწუხებულები არიან, იმართლებენ თავს, ამბობენ: „არ არის ასეთი ძუნწი. ეს აუცილებლად ასე უნდა გააკეთოს ბავშვმა. ამ დროს ბავშვი აცნობიერებს, ვინ არის. ბავშვი ფიქრობს: „მე ვარ მაშინ, როდესაც ეს ჩემია.“ ამიტომ უნდა, რომ მას ჰქონდეს ეს. ბავშვებმა ამ ასაკში იციან: „დედა ჩემია, არ მოკიდო ხელი.“ არ აძლევს ნივთს სხვას. იმიტომ კი არა, რომ ეს ნივთია მისთვის მნიშვნელოვანი, უბრალოდ აცნობიერებს, რომ თუ ეს ჩემია, ე.ი. მე ვარ.“

ნანა ჩაჩუას თქმით, გარდამავალ ასაკამდე ბავშვებს მშვიდი, ლატენტური პერიოდი აქვთ და ისინი მშობლებს ემორჩილებიან:

„გარდამავალ ასაკამდე, გოგონებთან ეს ასაკი 9-10 წელია, ბიჭებთან 10-11 წელი, ეს ასაკი ლატენტური, ფარული პერიოდია და მშვიდად მიმდინარეობს. თუ პირველი ჯიუტობის ხანაში ჩვენ ავკრძალეთ, კი ბატონო, დაგემორჩილება, მეტი რა გზა აქვს ბავშვს. ყველანაირი ძალა მშობლის მხარესაა. ფარულ პერიოდში მორჩილება კი ჩანს და ​მშობელი აღფრთოვანებულია, რომ რასაც ეტყვის ბავშვს, ყველაფერს აკეთებს. მოვა თუ არა უკვე პუბერტატის პერიოდი, უცებ იფეთქებს ბავშვი.“

„დავუშვათ ბავშვს არაფერი არ ავუკრძალეთ და ყველაფრის ნება დავრთეთ. შედეგი არის იგივე. ​სად გადის ზღვარი და რა არის ოქროს შუალედი? ცოდნაა მთავარი. „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.“ ღონეზე უფრო მნიშვნელოვანი ხერხია. ამ ხერხებზეა აქ ლაპარაკი. უნდა ვიცოდეთ, როგორ დავუშალოთ ბავშვს, როგორ ვუთხრათ: „არა, ეს არ შეიძლება.“ ვთქვათ გვაქვს ოჯახისთვის ძვირფასი ლარნაკი. ჩვენ ბავშვს ვეუბნებით ხელით, არავერბალურად: „არა, ეს არ შეიძლება.“ ამას ვამბობთ მტკიცედ, მაგრამ ეს არ არის საყვედური, ეს არ არის ბრაზი, ეს არ არის ხმის ტონის აწევა. მერე უნდა ახსნა, რატომ არ შეიძლება ლარნაკით თამაში. „ეს გატყდება და მერე აღარ იქნება.“ მესამე საფეხურია, რომ უნდა შესთავაზო ალტერნატივა, რომ მოდი, ამით ვითამაშოთ, ნახე, რა ლამაზია.ჩვენ იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც ვუწევთ ამ დროს ბავშვებს, მეტ დროს ვხარჯავთ. მშობელი აღზრდის პროცესში ზრდის არამარტო თავის შვილს, არამედ საკუთარ თავსაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად