Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

5 საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვის კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ მშობლებს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მოფრთხილებისთვის აუცილებელი წესები გააცნო:

„გაუკუღმართებულ ცხოვრების წესს, რომელიც, სამწუხაროდ, მოგვიტანა პანდემიამ, რომელსაც ვერ ავიცილებთ თავიდან, უნდა დავუპირისპირდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის ჯერადი კვება დღის განმავლობაში და აუცილებლად ნახშირწყლების შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ​ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახლის პირობებშიც ბევრი ფიზიკური აქტივობის ჩატარება შეგვიძლია.“

ლაშა უჩავას თქმით, ბავშვის ფიზიკური აქტივობა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ:

„ფიზიკური აქტივობა უნდა გააკონტროლონ მშობლებმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14 წლამდე ბავშვთა ასაკზე, აქ მხოლოდ მშობლები არიან დამნაშავეები და არავითარ შემთხვევაში ბავშვები. აქვე მინდა სტატისტიკური მონაცემების შესახებაც ვთქვა. თუ ჩვენ 80-90-იან წლებში ვსაუბრობდით, რომ ბავშვთა ასაკში განვითარებული მაღალი შაქრის ციფრები არის მხოლოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1. სწორედ ამ ჭარბი წონის გამო, გაუკუღმართებული კვების გამო, ბავშვთა ასაკშიც უკვე გაჩნდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.“

​ხუთი პროდუქტი, რომელსაც ბავშვები არასურველ შედეგებამდე მიჰყავს, შემდეგია: ტკბილი გაზიანი სასმელები, ბურგერი, შაურმა, ტკბილეული და ჩიფსები. ეს არის ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად