Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ორი ყველაზე კრიზისული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც მას განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოვექცეთ - ბავშვთა ნევროლოგი ნანა ხაჭაპურიძე

ორი ყველაზე კრიზისული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც მას განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოვექცეთ - ბავშვთა ნევროლოგი ნანა ხაჭაპურიძე

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ხაჭაპურიძემ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში კრიზისულ ეტაპებზე ისაუბრა. მან ორი ყველაზე კრიზისული ეტაპიც დაასახელა:

​ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში არის რამდენიმე პერიოდი, რომელიც შედარებით კრიზისულია. ეს არის ასაკობრივი პერიოდი, როდესაც ბავშვის ფსიქიკური, ნევროლოგიური და მენტალური განვითარება ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. ეს პირველ რიგში, ტვირთავს ნერვულ სისტემას. ანარაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმის სხვა სისტემები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და ა.შ. ამ კრიზისულ პერიოდში ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან.“

ნანა ხაჭაპურიძის თქმით, პირველი კრიზისული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში 2-3 წლის ასაკში დგება:

„პირველი კრიზისული ეტაპი არის 2-3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვის მენტალური და ფიზიკური განვითარება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ასევე ყველასთვის ცნობილია პუბერტული პერიოდი, 12-დან 15 წლამდე. ეს ასევე ძალიან მძიმე კრიზისული პერიოდია, როგორც მოზარდისთვის, ასევე ოჯახისთვის. ამ პერიოდის ბავშვებთან უფროსები უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.“

„როდესაც ბავშვი იბადება თავის ტვინი ანატომიურად და მორფოლოგიურად უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ფუნქციურად ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. ძალიან დიდი ეტაპი ნერვული სისტემის განვითარებისა არის, როდესაც ბავშვი დგება, გაივლის და მსხვილი მოტორიკა იწყებს განვითარებას. ​შემდეგი ეტაპია მეტყველების განვითარება, როდესაც ბავშვი წინადადებებს ქმნის. ორი წლისთვის ბავშვი იწყებს აზროვნებას უფრო ფართო მასშტაბით. ამიტომ საკმაოდ ფაქიზი უნდა იყოს მასთან ურთიერთობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ხაჭაპურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად