Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარია არ დავარცხვინოთ ჩვენი შვილი იმის გამო, რომ ყველა კბილი უჩანს სიცილისას ან ზედმეტი წონა აქვს,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი

„მთავარია არ დავარცხვინოთ ჩვენი შვილი იმის გამო, რომ ყველა კბილი უჩანს სიცილისას ან ზედმეტი წონა აქვს,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი

ფსიქოლოგმა მერი გელაშვილმა მოზარდობის ასაკში გაჩენილი კომპლექსების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვს, რომელსაც კომპლექსები აწუხებს:

„მოზარდობა ყოველმხრივ რთული ეტაპია. მოზარდებს ახალ სხეულთან შეგუება უწევთ, ყველაფერი იცვლის ფორმას. განსაკუთრებით უმძიმთ გოგონებს. ფრაზები ყველა ასაკზე ახდენს გავლენას. კომპლექსი არის ემოციურად დამუხტული მოგონებათა ერთობლიობა, რომელიც ძალიან სენსიტიურია ადამიანისთვის. უმეტესობა მათგანი ღრმა ბავშვობაში ყალიბდება. მოზარდობაში, შესაძლოა, იყოს კომპლექსის ჩამოყალიბების ახალი წყარო.“

მერი გელაშვილის თქმით, უფროსების შეფასება, შესაძლოა, მოზარდის რეალობად იქცეს:

​ჩვენი შეფასებები მოზარდების მიმართ არ უნდა იქცეს მათ რეალობად. ნებისმიერი ჩვენი შეფასება, შესაძლოა, მოზარდის რეალობა გახდეს. თუ რაღაც ქცევის გამო ბავშვს ვეუბნები: „შენ სულელი ხარ,“ მე არ გავმიჯნე ქცევა რეალობისგან. ის პიროვნულად იწებებს ამ იარლიყს, რაც შესაძლოა დაბალი თვითშეფასების მიზეზი გახდეს. ნელ-ნელა სწორი გადამუშავებით უნდა შეძლო კომპლექსების გადაფასება.“

„თუ ადამიანის მიერ გაცნობიერდა თავისი კომპლექსი და გადაწყვიტა, რომ ის იქნეს დაძლეული, კომპლექსი შეიძლება იქცეს სტიმულად. ყველა მცდელობა, რომელიც წარმატებით გვირგვინდება, არის მასტიმულირებელი. კომპლექსი სტერეოტიპული ხედვებისგან ყალიბდება, მათ შორისაა წონა, სამოსი. ​მთავარი არის, რომ არ დავარცხვინოთ ჩვენი შვილი იმის გამო, რომ ყველა კბილი უჩანს სიცილისას, ან ზედმეტი წონა აქვს. მას უბრალოდ ვესაუბრებით და ვუხსნით, რისთვის არის მნიშვნელოვანი, თუ ის ცოტათი მაინც დაიკლებს წონას. ავუხსნათ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის არის კარგი. თუ მას უფრო დავარცხვენთ წონის გამო, ეს გამოიწვევს კომპლექსის გაღრმავებას. რაც მთავარია, ხაზი გავუსვათ უნიკალურობას. ავუხსნათ ბავშვს, რომ ყველანი ერთნაირები და ერთი წონის ვერ ვიქნებით. ყველანაირი აღნაგობის ადამიანს აქვს თავისი სილამაზე, უნიკალურობა და ინდივიდუალურობა. მშობელმა წყალი უნდა დაუსხას და შეაყვაროს ბავშვს თავისი სხეული,“ - აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე” ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად