Baby Bag

„მშობლებში გავრცელებული აზრია დღეს, რომ კომპიუტერი ავითარებს ბავშვს... შვიდი წლისას ავითარებს, მაგრამ ორი წლისას - არა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებზე გაჯეტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის მავნე ზეგავლენების შესახებ ისაუბრა:

„ძალიან ბევრი ექსპერიმენტია ჩატარებული. იაპონელებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, მხოლოდ მშობლის ლაპარაკი შეადარეს კომპიუტერიდან ბავშვის მიერ მოსმენილ ლაპარაკს. აღმოჩნდა, რომ მშობლის და ძიძის საუბარი ბევრად უფრო მეტ სტიმულს აძლევს ბავშვის მეტყველების განვითარებას. 

როდესაც ბავშვი სულ კომპიუტერთანაა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკლია, არის მოძრაობა. რატომ არის დიაბეტი ძალიან გავრცელებული დღეს პატარა ბავშვებში? იმიტომ, რომ არ მოძრაობს ბავშვი, იმიტომ, რომ ჰაერზე ვერ გაგყავს. ის პატარ-პატარა ხემსს მიირთმევს, როდესაც უყურებს ამ რაღაცებს კომპიუტერში.

მოტორულ განვითარებაში ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ბავშვს არ აქვს მოძრაობის საშუალება და ვერ აკეთებს ექსპანსიას. ყველაზე მნიშვნელოვანია მეტყველება. ბავშვს დამლაპარაკებელი არავინ ჰყავს. ძიძამ საუკეთესო შემთხვევაში კარგად უნდა მოუაროს. მშობელს არ სცალია. ის დაღლილი მიდის სახლში და უხარია, რომ ბავშვი თავისთვის ჩუმად ზის და რაღაცებს შვება, თან ვითარდება. მშობლებში გავრცელებული აზრია დღეს, რომ კომპიუტერი ავითარებს ბავშვს. შვიდი წლის ბავშვს ავითარებს, მაგრამ ორი წლისას - არა.

საქმე იმაშია, რომ აზროვნების განვითარება გარემოსთან უშუალო ურთიერთობით ხდება. კომპიუტერთან კი ეს მხოლოდ ვიზუალია, მხოლოდ თვალით არის. მე, როგორც ნეიროფსიქოლოგს მგონია, რომ მარცხენა ჰემისფეროს, რომელიც არის ჩვენი მეტყველების ჰემისფერო, ეს კარგად არ ავითარებს. შედეგი არის ის, რომ ბავშვებს, რომლებსაც ისედაც აქვთ პრობლემა მეტყველების და ჩვენ არ ვიცით ჯერ, ისეთი რამ ემართებათ კომპიუტერისგან, რომ სხვა გამღიზიანებლებს მისი ტვინი აღარ უშვებს უკვე. როგორც კი მოაშორებ ამ ბავშვს გაჯეტს, მაშინვე ცოტა აზრზე მოვა, თვალებში გამოიხედება. ბევრ მშობელს უთქვამს ეს, რომ გამომირთავს მთლიანად ყველაფერი. მერე ბავშვი დაინტერესებულა გარემოთი და დაუწყია საუბარი,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​წიგნების თაობა

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად