Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვაგვაროთ ჩამოშვებული მუცლისა და მუცლის ცხიმის პრობლემა სახლის პირობებში? - ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე

როგორ მოვაგვაროთ ჩამოშვებული მუცლისა და მუცლის ცხიმის პრობლემა სახლის პირობებში? - ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ვაშაკიძემ მოშვებული მუცლის პრობლემის მოსაგვარებლად და შებერილობასთან ბრძოლისთვის საინტერესო პროცედურა გაგვაცნო, რომლის გაკეთება სახლის პირობებში შეგიძლიათ:

„ქილები ძალიან კარგად ხსნის ნაწლავების შებერილობას. ვაკუუმი იქმნება ქილების გამოყენებით. პროცედურის ჩატარებამდე უნდა ვიცოდეთ, რომ ნაღვლის ბუშტში არ არის კენჭი, რომელიც შეიძლება დაიძრას. ასევე ონკოლოგიური პრობლემის დროს ექიმის გარეშე არაფერი არ შეიძლება. ეს პროცედურა ანთებას ხსნის. ნაწლავების ანთების დროს აირები ფართოვდება და მუცელი იბერება. ამ ქილებს რომ დავადებთ, შებერილობა იხსნება. ჭიპზე დადებული ქილა შინაგან ორგანოებს აბრუნებს თავის ადგილას. ეს არ არის პანაცეა, რომ შევჭამე ერთი გოჭი, მივაყოლე ტორტი, მერე დავიდე ქილა და ვიქნები იდეალური მუცლით. ვერ იქნებიან, ცხადია.

ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება სახლის პირობებში ჩვეულებრივი ნახევარკილოიანი ქილებით, მაიონეზის ქილებით. ვიღებთ ფანქარს, მოვახვევთ ბამბას, ჩავდებთ სპირტში, წაუკიდებთ ცეცხლს. ქილა არ უნდა გაახუროთ, არამედ ვაკუუმი შექმნათ და დაადოთ მუცელს. არ უნდა მიირთვათ კარტოფილი, ხაჭო, რძე არა, არაჟანი - არა. აუცილებლად მიიღეთ კარაქი, მაგრამ არა სპრედი და მარგარინი. არ უნდა მიირთვათ ღორის ხორცი და ძეხვეულობა.

შებერილობაზე შედეგი იმავე წუთშია. თუ გინდათ იმისთვის, რომ საშვილოსნოა დაწეული, პროცედურა გამოიყენეთ დღეში ორჯერ. ეს ძალიან კარგია მშობიარობის შემდეგ მოშვებული მუცლისთვის, რადგან პროცედურა სისხლის მიმოქცევას აღადგენს და მარტივად ხდება კანის შეკუმშვა. ქილების მუცლიდან მოხსნისას ჰაერი უნდა შეუშვათ და ისე აიღოთ,“- აღნიშნა ნინო ვაშაკიძემ.

პროცედურის დეტალური აღწერა იხილეთ თანდართულ ვიდეოში.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“ 

წაიკითხეთ სრულად