Baby Bag

„თუ ცოცხალ გარემოში ბავშვს არ შესთავაზეს ისეთი თამაში, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება, მაშინ ის ამ თამაშს მოძებნის ტელეფონში,“- ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ამონაშვილმა ბავშვების ეკრანდამოკიდებულების დასაძლევად მშობლებს ურჩია, რომ შვილებს გაჯეტებისა და ონლაინ თამაშების საინტერესო ალტერნატივა შესთავაზონ:

„გაჯეტებს შიგნით აქვს ისეთი ვერაგული რაღაცები ჩადებული, რომელიც ნარკოტიკივით არის ბავშვებისთვის, ამიტომ ძალიან რთულია ისეთი ალტერნატივის შეთავაზება ბავშვისთვის, რომ ის ამას გადადებს და სხვა რაღაცაზე გადმოერთვება, თუნდაც ეს იყოს სხვა მისი მეგობარი იქვე მჯდომი. მათ ერთად შეიძლება კინოსაც უყურონ, რომ დასხდებიან. ჩვენ უნდა მოვუფიქროთ რაღაც ალტერნატივები ტელეფონის მაგივრად.

მე ვერ გეტყვით, რომ ბავშვებს აქვთ თამაშის დეფიციტი. ყველა ბავშვი თამაშით იზრდება. ბავშვებს თამაშები სჭირდებათ. ბავშვს არ შეუძლია, რომ არ განვითარდეს. რაც მისი განვითარებისთვის საჭიროა, იმას აუცილებლად მოძებნის ის მის გარშემო. რაღაც ასაკამდე ეს არის მარტო თამაში, სხვა ის ვერაფრით ვერ ვითარდება. თუ ცოცხალ გარემოში ბავშვს არ შესთავაზეს ისეთი თამაში, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება და მისი განვითარებისთვის იქნება საინტერესო, მაშინ ის ამ თამაშს მოძებნის ტელეფონში. ტელეფონშიც თამაშობს ის რეალურად.

კომპიუტერული თამაშები რატომ არის ასეთი მიმზიდველი? იქ ბავშვს უკმაყოფილდება ყველანაირი მოთხოვნილება, რაც მას აქვს. უკმაყოფილდება დიდობის განცდა, თავისუფლების განცდა, შეუძლია აირჩიოს რაც უნდა, სადაც უნდა, იქ წაიყვანოს თავისი გმირი. მას უკმაყოფილდება განცდა, რომ დიდია და თვითონ აკონტროლებს ვითარებას. ისეთი რაღაცები არის ჩადებული ამ თამაშებში, რომ მისი ალტერნატივის შეთავაზება ხშირად გვიჭირს ხოლმე მშობლებს. ბავშვს უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა,“- მოცემულ საკითხზე ნინო ამონაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად