Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი მავნე ჩვევაა ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათო? - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

რომელი მავნე ჩვევაა ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათო? - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა გავრცელებული მავნე ჩვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა: 

„არსებობს ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა, ტრიქოტილომანია - თმებით მანიპულირება, ტრიქოტილოფაგია - როდესაც ადამიანები იძრობენ და ჭამენ თმებს. არცერთი ეს მდგომარეობა ნეგატიურად არ ითვლება და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, გარდა ერთისა, ეს არის ტრიქოტილოფაგია, ანუ თმების ჭამა. თითის წოვის მავნე ჩვევა ძალიან მცირე ასაკში აღინიშნება. ბავშვებს ახასიათებთ, როგორც ხელის თითის, ასევე ფეხის თითის წოვის მომენტებიც. სწორედ ამას უკავშირდება ერთ-ერთი თეორია, რომ თითის წოვა და სხვადასხვა საგნების ღეჭვა არის იმ პერიოდიდან გამომდინარე, როდესაც ძუძუს წოვდა ბავშვი. ძუძუს წოვის დროს მარტო რძეს არ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს ბავშვის ორგანიზმის სეროტონინით გაჯერება ხდება. სეროტონინი არის ბედნიერების, სიმშვიდის, ნივთიერება.

ბოლო პერიოდში ჩნდება და ჩნდება ახალი დამოკიდებულებები. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ემოციურ სიტუაციაში, გაცნობის ან მსგავს ვითარებაში, აქტიურად სარგებლობს ტელეფონით, რაც ასევე დამოკიდებულებაა. თამბაქოს მოწევაც ადამიანების აზრით, სტრესის განმუხტვის სურვილს უკავშირდება.

როდესაც ბავშვი იმყოფება საინტერესო და მის მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში, არ უწევს რაღაც უინტერესოს კეთება, დაკავებულია მუდმივად მისთვის საინტერესო გართობებით, როგორც წესი, ასეთი ჩვევებიდან გამოსვლა საკმაოდ ადვილად ხდება. მშვიდი, ბავშვზე ორიენტირებული გარემო, ბევრი გასართობი და საქმიანობა ბავშვისთვის და ეს პრობლემები არ გვექნება ისე აქტიურად შემდგომში,“- მოცემულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„უიქენდი“

წაიკითხეთ სრულად