Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ბევრი მშობელი თავის შვილს ენობრივ უნარებს ასე უვითარებს და ძალიან ეფექტიანად,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ძალიან ბევრი მშობელი თავის შვილს ენობრივ უნარებს ასე უვითარებს და ძალიან ეფექტიანად,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ენობრივი უნარების განვითარებისთვის ეფექტიანი მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან დააწესონ წესი კომპიუტერსა და ტელევიზორზე და შეზღუდონ მაქსიმალურად. თუ ეს იქნება წესი და რუტინა ბავშვი ამას მიეჩვევა. მშობლებმა ეს უნდა ჩაანაცვლონ და თვითონ ელაპარაკონ. ბავშვს, რომელსაც აქვს ენობრივი განვითარების პრობლემები, სულ ერთია, ვინ დაელაპარაკება თანატოლი თუ მშობელი. აუცილებელია დიალოგური ენა, აუცილებელია სიუჟეტიანი სურათები, აუცილებელია ხატოვანი წიგნები. მათ აიტერესებთ ფერადი წიგნები. ფერადი ილუსტრაციების მიხედვით ვუყვებით, მერე კითხვებს ვუსვამთ. თვითონ უნდა გიპასუხოს ბავშვმა. ეს არის ერთი აქტივობა.

მეორე აქტივობა არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თამაში ბავშვთან. სიუჟეტური თამაშები აუცილებელია 5 წლის ასაკის ბავშვთან. ბავშვს უნდა ვეთამაშოთ ის თამაში, რაც თვითონ მოსწონს: ექიმობანა, პოლიციელობანა, ომობანა. მას უნდა ვეთამაშოთ დიალოგებით და დიალოგები თვითონ შეგვაქვს ჩვენ. როგორ ვაკეთებთ ამას? მაგალითად, მძღოლობანას თამაშის დროს, ვცდილობთ, რომ დიალოგზე გამოვიწვიოთ. ვეუბნებით: აი, ბენზინგასამართ სადგურთან მოვედით. ნეტავ რა ღირს ბენზინი? გიპასუხებს: არ ვიცი. შენ ეუბნები: აბა კითხე გამყიდველს რა ღირს. აი, ამ ტიპის დიალოგებში შევდივართ ბავშვთან და „ვაიძულებთ,“ რომ ჩაერთოს. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს. მთავარია თამაში და სიუჟეტური, ხატოვანი წიგნი. ძალიან ბევრი მშობელი ასე უვითარებს თავის შვილს ენობრივ უნარებს და ძალიან ეფექიანადაც,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად