Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაზიანებული კანისა და ზედაპირული ჭრილობების დამუშავების წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანზე არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრილიანტის მწვანეს გამოყენება:

„როდესაც კანი ზიანდება და ჭრილობა არ არის ღრმა, უნდა მოხდეს ჭრილობის გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით. თუ ანტისეპტიკური საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ამ ადგილის ჩვეულებრივი საპნით დაბანაც. ამ გარეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება. შესაძლებელია ეს ადგილი ბინტის გამოყენებით შევუხვიოთ ადამიანს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ბეტადინი, იგივე იოდი. იოდიც ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანს არ ექნება წვის შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ხშირია ძალიან ბრილიანტის მწვანეს გამოყენება. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, მათ შორის არც ნაკბენის შემთხვევაში. ეს არის საბჭოთა მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება, რომელსაც იყენებდნენ. რატომ არ არის სწორი მისი გამოყენება? ის აშრობს კანს. მას აქვს გამოშრობის ეფექტი და ჩვენ პირიქით, დატენიანება გვჭირდება. ჭრილობის შემთხვევაში შეხორცების დასაჩქარებლად და ნაწიბურის პრევენციისთვის, პირიქით, უნდა დავატენიანოთ კანი. ერთ-ერთი უნივერსალური და საუკეთესო საშუალება არის თეთრი ვაზელინი. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზედაპირული ჭრილობის დატენიანებისთვის. შეხორცების პროცესი რომ დაჩქარდეს, პირიქით, უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბრილიანტის მწვანე პირიქით, ხელს უწყობს, რომ გამოაშროს კანი,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად