Baby Bag

„ბავშვს როდესაც ეუბნებიან: „ისე გვიჭირდა, შენ რომ გაჩნდი, საჭმლის ფული არ გვქონდა,“ მას ჰგონია, რომ ის რაღაცაში დამნაშავეა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვს როდესაც ეუბნებიან: „ისე გვიჭირდა, შენ რომ გაჩნდი, საჭმლის ფული არ გვქონდა,“ მას ჰგონია, რომ ის რაღაცაში დამნაშავეა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ადამიანის თვითშეფასებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ ისაუბრა და მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებულ შეცდომებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბავშვის მიმართ გამუდმებული ნეგატიური მითითებები მას აკნინებს:

„ბავშვს როდესაც ეუბნებიან: „ისე გვიჭირდა, ისე გვიჭირდა, შენ რომ გაჩნდი, საჭმლის ფული არ გვქონდა,“ ბავშვს ჰგონია, რომ ის რომ არ გაჩენილიყო, შესაძლოა, მის მშობლებს უკეთესი პირობები ჰქონოდათ და ის რაღაცაში დამნაშავეა. ჩვენ თვითონ ვუტვირთავთ არაცნობიერი დანაშაულის განცდას. „შენ უფროსი ხარ, უნდა დაუთმო, ასე როგორ შეიძლება“ და მსგავსი გაუთავებელი მითითებები იწვევს ბავშვში მის დაკნინებას, განცდას, რომ მას არ სცემენ პატივს, არ განიხილავენ პიროვნებად.

ზოგჯერ ასეთი პრესის შედეგად მეორე უკიდურესობას ვიღებთ და პირიქით, ვიღებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არც ინიციატივა აქვს, არც ანატომიურობა, დამოკიდებულია მშობლებზე. მერე მშობლები ბრაზდებიან: რით ვერ გაიზარდე?! რით ვერ გაიზარდა და იმით ვერ გაიზარდა, რომ მისდამი დამოკიდებულება იყო გადატანითი მნიშვნელობით თავში ხელის წამორტყმის, რომ რით ვეღარ გაიგე?! თქვენ რომ ვინმე ასე გელაპარაკოთ სამსახურში ან სტუმრად რომ მიხვალთ: ეს რა გაცვია? რას ჰგავხარ? რა რეაქციაც თქვენ გექნებათ, იმაზე ბევრად მეტი რეაქცია აქვს ბავშვს და ბევრად უფრო დაუცველი ხდება ის,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად