Baby Bag

„იქ, სადაც არის სრული უდისციპლინობა, განუკითხაობა, ეს სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა,“- ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

„იქ, სადაც არის სრული უდისციპლინობა, განუკითხაობა, ეს სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა,“- ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა არათანმიმდევრული აღზრდის საზიანო მხარეებზე ისაუბრა:

„როდესაც ერთი მშობელი აღზრდის ერთ სტილს მიმართავს, მეორე კი - მეორეს, წარმოგიდგენიათ, როგორი გახლეჩა იწყება ამ დროს?! ვინც არის უფრო დომინანტური, მეტი ბერკეტის მფლობელი, იმ მშობლის სტილი გაიმარჯვებს. ბავშვი სამყაროს მიმართ ადაპტაციურ მექანიზმებს ორი გზით იძენს: ის ქცევის მოდელების გაშინაგნებას ახდენს. იქ სადაც მას ექმნება დისკომფორტული მდგომარეობა, დაიწყებს დაცვითი მექანიზმების შემუშავებას. არაშეთანხმებული აღზრდისას ბავშვი იბნევა, ვერ ხვდება, საით აიღოს გეზი. ვინც მის მხარეზეა, უფრო იქით იღებს გეზს.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, სრულ უდისციპლინობას ბავშვისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს:

„იქ, სადაც არის სრული უდისციპლინობა, არ არის სტრუქტურა, არის განუკითხაობა, რაც გინდა აკეთე, ეს სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა. ყოველი ჩემი დებულება ეყრდნობა კვლევებს და არ არის ჩემი ფანტაზია. თუ არის „ჯიგარი“ მშობელი, რომელიც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევს, ოღონდ პრობლემა არ შექმნას, არ შეაწუხოს, ჩუმად იყოს, ჭამოს, ეს იწვევს საზიანო მიჯაჭვულობას, ეკრანდამოკიდებულებას.“

„მომთხოვნი მშობელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. საუკეთესო სურვილებიდან გამომდინარე მას უნდა, რომ დისციპლინა, სისტემურობა, ორგანიზებულობა გამოუმუშაოს თავის შვილს. ამ დროს მისი მეორე ნახევარი საპირისპირო სიგნალებს აძლევს ბავშვს. ზრდასრულებს შორის შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ეს კიდევ უფრო ცუდ შედეგებს იძლევა. ერთად უნდა გააკეთოთ ბავშვთან ბევრი რამ, აქტივობები, ეს კარგ შედეგს იძლევა,“- აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

წაიკითხეთ სრულად