Baby Bag

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება'', – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

​„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად“ - გიორგი გახარია

​„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:

„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყება დისტანციურად 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.

წაიკითხეთ სრულად