Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 10 ივლისს დაიწყო.

რეგისტრაცია წარმოებს სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი გაგრძელდება 16 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ერთი კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - registracia2024@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 25 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.
წაიკითხეთ სრულად