Baby Bag

„არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით“ - ნიკოლოზ რაჭველი 40 წლის გახდა

„არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით“ - ნიკოლოზ რაჭველი 40 წლის გახდა

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და  დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია. იგი 40 წლის გახდა. მაესტრომ საკუთარ იუბილეზე ემოციური ჩანაწერით მიმართა საზოგადოებას:

„​ჩემი ცხოვრების 39 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც...

მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ მაინც დაუკრავთ ტაში ჩემთვის და ჩემი ორკესტრისათვის ძალიან მიყვარს, ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის!!!
ჰო, ხშირად არ ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ზოგჯერ ვაგვიანებ რეპეტიციაზე, ხანდახან მეგობრებისთვის ნაკლებად მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებ ან უბრალოდ გულში ვიტოვებ იმას, რისი თქმაც და გამოხატვაც მერიდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ ყველამ: ერთი წამით არ დამენანება სიცოცხლე თუ საპირწონედ თქვენი კარგად ყოფნა იდგება. ამას ვამბობ ღმერთის წინაშე გულწრფელად.
40 წლის გავხდი. უცებ გაირბინა ცხოვრების ნახევარმა, იმ ნაწილმა, რომელთან გამოთხოვებაც რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიჭირს. მინდა ჩემში არ გაქრეს ახალგაზრდული სულისკვეთება და გაოცების უნარი. ჯერჯერობით ვუმკლავდები და იმედი მაქვს თქვენც, ჩემიანები ამაში მომეხმარებით!
არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ სახსრებს და ამიტომ დღემდე არ გამაჩნია არც საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ჩემი ერთადერთი რაჭის სახლიც თითქმის ინგრევა, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ პოზიციას და ამიტომ არც ერთი მთავრობისგან არ მიმიღია ორკესტრისათვის გარემონტებული დარბაზი და განსაკუთრებული პირობები, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ კარიერას და ამიტომ ბევრჯერ მითქვამს უარი მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე, რაც ჩემი ორკესტრისათვის ყურადღებას მოკლების სანაცვლოდ იქნებოდა... რაღაცას ვნანობ, რაღაცით ვამაყობ, რაღაც მიხარია, ზოგჯერ მწყინს, მაგრამ ერთი რამ არის, რაც მაცოცხლებს - ყველაფერში მინდა სიკეთის და დადებითის დანახვა, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული აზრის გააზრებას და ყოველთვის ვიბრძოლებ რომ ჩემი გონება სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გულის ტყვედ დარჩეს!
და როდესაც აღარ ვიქნები, ერთადერთი რაც მაიმედებს, არის ჩემი მუსიკა, რომელიც მინდა ისეთი შევქმნა, რომ მერეც ჟღერდეს. ეს საკუთარი თავისთვის მიცემული ყველაზე რთული დავალებაა და უკანასკნელ ღამეს სახლში დედაჩემის ცხედართან მარტოდ დარჩენილი მის სულს ეს შევეხვეწე...
თქვენ კი ყველას გისურვებთ მშვიდობას და განუზომელ სიკეთეს თქვენში, თქვენით და თქვენთვის!“

შეიძლება დაინტერესდეთ

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში ოთხწლიანი 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში ოთხწლიანი 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა

ქართველმა მუსიკოსმა ლიზა ჩხაიძემ კინომუსიკის განხრით ბერკლიში ოთხწლიანი ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო. საკუთარი წარმატების შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სექტემბრიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ახლა საფორტეპიანო განხრით ვარ კონსერვატორიაში. ეს იქნება სრულიად ახალი და საინტერესო ჩემთვის. ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება და რომ შევძელი დიდი პასუხიმგებლობა მაქვს.“

ლიზა ჩხაიძის თქმით, მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნატალია ნაცვლიშვილს, რომელიც ლიზას მასწავლებელი იყო:

„ქალბატონი ნატალია ნაცვლიშვილი ჩემი არამარტო მუსიკის მასწავლებელი, მენტორი და ყველაფერი იყო. მის ხელში გავიზარდე. არამარტო მე, ის მთელს მუსიკალურ სამყაროს დააკლდა.“

„ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მაქვს და ძალიან ბევრი სწავლა დამჭირდება. ჯერ უნდა შეისწავლო სისტემა ძალიან კარგად, კომპიუტერში კარგად უნდა აწყობდე ყველაფერს. დიდი დრო დამჭირდება, რომ პრაქტიკულად ისეთ დონეზე ავიდე, რომ ვინმემ ფილმისთვის მუსიკა შეუკვეთოს,“- აღნიშნა ლიზა ჩხაიძემ.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად