Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოაგვარებთ ამ 3 რაღაცას და უძილობა არასდროს შეგაწუხებთ,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„მოაგვარებთ ამ 3 რაღაცას და უძილობა არასდროს შეგაწუხებთ,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ უძილობის პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა:

„რამოდენიმე დღის წინ, ვიღაც წამომეწია, მაჩერებს და მეუბნება: „მე ვერ ვიძინებ უკვე წლებია. ვსვამ რეცეპტულ, ასევე არარეცეპტულ წამლებს. შედეგი მაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც წამალს ვსვამ, მერე ისევ თავიდან იწყება.“ მე ვკითხე, უძილობის რომელი ფორმა აქვს, რადგან უძილობა სხვადასხვაგვარია. ერთი ფორმაა, რომ დაწვები და ვერ დაიძინებ, სანამ შუაღამე არ გახდება, მეორე, რომ ჩაიძინებ, მაგრამ ღამე ხშირად გეღვიძება, მესამეა, როდესაც ჩაიძინებ, არ გეღვიძება, მაგრამ დილით ძალიან ადრე იღვიძებ. მან მითხრა, რომ სამივე სახის უძილობა აწუხებს.

პაციენტის ისტორია შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ მისი უძილობის გამომწვევი მიზეზი იყო ძალიან მარტივი. დაიმახსოვრე, როდესაც საქმე ეხება უძილობას, თუ ის არ არისი გამოწვეული დაავადებით, ყველაზე ხშირი მიზეზი არის სამი რამ. პირველი, ეს არის სტრესი, მეორე - დეპრესია, მესამე - შფოთვა. როდესაც არის უძილობა, გამოსავალი არ არის წამლები. გამოსავალია, რომ მოაგვარო უძილობის მიზეზი. თუ გგონია, რომ ეს სამი მიზეზი ყოველდღიურობაში არ არის, ცდები. გამოცდა რომ გაქვს, ეს სტრესია შენთვის, რაღაც ხდება შენს ცხოვრებაში და ამაზე ღელავ, ეს სტრესია შენთვის, ვიღაც რომ გყავს ცუდად, სტრესია შენთვის, რაღაცას ელოდები, ეს სტრესია შენთვის. თუ თქვენ გაქვთ უძილობა და არ მოაგვარებთ სტრესს, დეპრესიას და შფოთვას, ჩათვალეთ, რომ უძილობა არ მოგვარდება არასდროს, მედიკამენტებითაც კი,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად