ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„ადამიანებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები, არის თუ არა ეს უსაფრთხო. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები თანდათან გაბათილდება.“ - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინაციის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა არ არსებობს:
„კომუნიკაციის გეგმა არსებობს და გაწერილია. გეგმები მნიშვნელოვანია, მაგრამ განხორციელება და იმპლემენტაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთი რამ მინდა ვთქვა პირდაპირ, საქართველოში ცალსახად ანტივაქსერული მოძრაობის პროცენტული წილი მაღალი არ არის. ანტივაქსერული მოძრაობა ნიშნავს, რომ არანაირი ვაქცინისადმი მიმღებლობა მათ არ აქვთ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან სამედიცინო ინტერვენციას. ვაქცინების მიმართ, რომლებიც დროში ძალიან სწრაფად შეიქმნა, ადამიანებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები, არის თუ არა ეს უსაფრთხო.“
ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და არავინ არავის ვაქცინის გაკეთებას არ დააძალებს:
„როგორ სვამენ საკითხს? მესმის, რომ ეს ვაქცინები არის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციით და დამტკიცებული არცერთი არ არის, ხომ არ შეიძლება, რომ დაველოდო, სანამ დამტკიცდება საბოლოოდ?! მათ ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებაყოფლობითია ეს არჩევანი. არავინ არავის არ დააძალებს ვაქცინას. პრიორიტეტული ჯგუფები აქედან გამოიყო. ასაკოვანი ადამიანები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი ან მეტი ქრონიკული დაავადება, ადამიანები, რომლებიც მუდმივად არიან კოვიდთან შეხებაში, ანუ ექიმები, ესენი არიან პრიორიტეტული ჯგუფები. ჯანმრთელ პოპულაციას არავინ არ სთავაზობს თავიდან ვაქცინას. ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს, სად არის?!“
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორად აზროვნებს და დასაბუთებული შეთავაზების შემთხვევაში ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს:
„ჩვენ გვყავს უბრალოდ ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ლეგიტიმური კითხვები აქვთ. დარწმუნებული ვარ ეს კითხვები თანდათან გაბათილდება. ჩვენზე გაკეთებული დასკვნები მათ დაეხმარება, რომ გადმოვიდნენ აქეთ რიგებში. მე ამას არ ვუყურებ ძალიან ტრაგიკულად. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ბევრი უნდა ვისაუბროთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კრიტიკული ნაწილი სწორად აზროვნებს და აუცილებლად გაიკეთებს ამ ვაქცინას, როდესაც ის დასაბუთებული და სწორად შეთავაზებული იქნება.“
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დადებით დინამიკას სჭირდება შენარჩუნება. ვირუსი არსად წასულა, შესუსტებაზეც არავინ არ საუბრობს. არის მოლოდინი, რომ ეს ვირუსი უფრო მეტად გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე. როგორც კი ადამიანები მოვდუნდებით და დავიჯერებთ, რომ პირბადეც არ ყოფილა თურმე საჭირო, რომ გვგუდავენ და გვახრჩობენ, აუცილებლად იქნება დაანონსებული მესამე ტალღა. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსაც ვანიჭებ პასუხისმგებლობას. ადამიანების ინდივიდუალურმა პასუხისმგებლობამ სადამდეც მიგვიყვანა ეს ვნახეთ ნოემბერ-დეკემბერში. სახელმწიფომ, რასაკვირველია, კონტროლის მექანიზმები უნდა გაამკაცროს, უმკაცრესი იყოს ის ღონისძიებები, რომლებიც რეგულაციების დარღვევაზე იქნება. მარტო ფარატინა ქაღალდზე გამოქვეყნებული რეგულაციები არ მუშაობს. ადამიანებს სჭირდებათ ცოტა მკაცრი კონტროლი,“ - აღნიშნულ თემებზე ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.