ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
სიმსუქნე, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა... - პედიატრი ბავშვებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს
პედიატრმა თემურ მიქელაძემ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე მედიაცენტრ ,,მთავარში'' გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებმა საგრძნობლად მოიმატეს წონაში, ახასიათებთ აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა:
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება ყოველდღე. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ, სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას.
საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც არ არის დაკავშირებული სწავლასთან. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ.
პირველ რიგში, წამოვიდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში.
გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან.
აქედან გამომდინარე, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ.
გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს ბავშვებში და უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია.
მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წლებიც კი დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები.
გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ავირიდებთ, რისი მაგალითიც გვაქვს. ვიცავთ ნორმებს და არ გვაქვს გრიპი, სხვა ნაწლავთა ვირუსული ინფექციები და ა.შ. “ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.