Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კორონავირუსული ინფექცია ძალებს იკრებს''

,,კორონავირუსული ინფექცია ძალებს იკრებს''

,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:

„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:

,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 

წაიკითხეთ სრულად