Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში

​იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში

რამდენი უნდა იყოს იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნანა სხილაძე წერს. გთავზობთ მის პოსტს უცვლელად:

იზოლაციის ხანგრძლივობა covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში:

ასიმპტომური პაციენტები:
10 დღე ნაცხის გაკეთების დღიდან (თუ კონტაქტის დღე ცნობილია, კონტაქტის დღიდან)

​მსუბუქი და საშუალო ფორმა:

​10 დღე სიმპტომების დაწყების დღიდან

​24 სთ. სიცხის დაწევიდან ანტიპირეტული საშუალებების გარეშე

​სხვა სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

​მძიმე ფორმა ან პაციენტი იმუნსუპრესიით:

​ვირუსის რეპლიკაცია შეიძლება არაუმეტეს 20 დღემდე გახანგრძლივდეს, ამიტომ იზოლაციის ხანგრძლივობა დასაშვებია 20 დღემდე.

​2. ტესტზე ბაზირებული სტრატეგია გამოიყენება მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში

​შეიძლება გაკეთდეს იზოლაციის უფრო ადრე დამთავრების მიზნით

​24 საათის შუალედით გაკეთებული 2 ნეგატიური PCR-ტესტით შეიძლება იზოლაციის დამთავრება.

​COVID-19-ის გახანგრძლივებული სიმპტომები:

​მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობა 2 კვირის ფარგლებში ჯანმრთელდება, მათ დაახლოებით 10%-ს სიმპტომები 3 კვირის შემდგომაც უგრძელდება, ხოლო ზოგიერთს სიმპტომები თვეების განმავლობაში აწუხებს. ტერმინი გრძელვადიანი COVID გამოიყენება მწვავე COVID-19-ის შემდგომი, მოგვიანებითი სიმპტომების აღსაწერად.

​ჰოსპიტალიზებული პაციენტების თითქმის 90%, რომლებიც COVID-19-ის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ, უჩივიან სულ მცირე 1 სიმპტომს გაწერიდან 2 თვის შემდეგ. პაციენტების მხოლოდ 12.6%-ს არ ჰქონდა სიმპტომები, 32%-ს ჰქონდა ერთი ან ორი სიმპტომი, ხოლო 55%-ს ჰქონდა სამი ან მეტი სიმპტომი. დაავადება შეიძლება გახანგრძლივდეს ახალგაზრდებშიც, რომლებსაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ. სიმპტომური ზრდასრულების კვლევის თანახმად, 35% არ უბრუნდებოდა ჯანმრთელობის ჩვეულ დონეს ტესტირებიდან 2-3 კვირაში. პაციენტები, რომლებიც 18-34 წლის იყვნენ და არ ჰქონდათ თანმხლები ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობები, შემთხვევების 20%-ში არ უბრუნდებოდნენ ჯანმრთელობის ჩვეულ მდგომარეობას. ხშირი ხანგრძლივი სიმპტომებია ხველა, სუბფებრილური ცხელება და დაღლილობა. აგრეთვე ფიქსირდება დისპნოე, ტკივილი გულმკერდის არეში, მიალგია, თავის ტკივილი, გამონაყარი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, ნეიროკოგნიტური პრობლემები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებები.

​მწვავე COVID-19-ის შემდგომ პაციენტის მართვის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს დეფინიციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები. შესაბამისად, პაციენტების მართვა უნდა მიმდინარეობდეს პრაგმატულად და სიმპტომურად (მაგ. ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი სიცხის დროს, სუნთქვითი ტექნიკების გამოყენება ქრონიკული ხველისას, პულსოქსიმეტრია სახლის პირობებში სუნთქვის უკმარისობის მონიტორინგისთვის, ფილტვის რეაბილიტაცია, ფიზიკური დატვირთვის ეტაპობრივი განახლება). პაციენტთა უმრავლესობა ჯანმრთელდება სპონტანურად ჰოლისტიკური მკურნალობის, დასვენების, სიმპტომური მართვის და აქტივობის ეტაპობრივი გაზრდის შედეგად. სპეციალისტთან რეფერალი შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტთათვის, რომლებშიც აღინიშნება ახალი, პერსისტენტული ან პროგრესირებადი რესპირატორული, გულის ან ნევროლოგიური სიმპტომები.

​შეჯამება:

​PCR-ტესტის განმეორება უმრავლეს შემთხვევაში საჭირო არ არის, ვინაიდან ვირუსის გამოყოფა ხშირად კვირეების განმავლობაში გრძელდება, მაშინ როცა რეპლიკაციის უნარი 10-20 დღის შემდეგ დაკარგულია (10 დღე მსუბუქ და საშუალო, 20 მძიმე ფორმებში ან იმუნსუპრემირებულ პაციენტებში) ანუ პაციენტი, მიუხედავად დადებით PCR-ტესტისა გადამდები აღარ არის.

წაიკითხეთ სრულად