Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - დღეის მდგომარეობით, ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - დღეის მდგომარეობით, ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 42 579.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.

​დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13.

​ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

👉,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება''

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419. სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

წაიკითხეთ სრულად