რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როგორ შეიძლება ქალი ასე გაუშვა კაცმა, პატივი არ სცე, არ მიხედო შენს ოჯახს?! როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქალის პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტრადიციულად საქართველოში მამაკაცები ქალებს პატივს სცემდნენ, თუმცა კომუნისტურმა წყობამ ადამიანის გონება დაამახინჯა და ბევრი რამ შეცვალა:
„ადამიანის გონება დამახინჯდა კომუნისტების დროს. დაამახინჯეს ქართველი კაცის გონება. ის ცოლს ხელს ურტყამდა, აგინებდა, საშინლად ექცეოდა. მე ბაბუაჩემისგან მახსოვს, ოჯახში რომ შევიდოდა ბაბუა, თუ დაინახავდა, რომ კაცი უხეშად დაელაპარაკებოდა ქალს, იმ სახლს ბაბუაჩემი ტოვებდა. კაცი, რომელიც საკუთარ ცოლს პატივს არ სცემს, უხეშად ელაპარაკება მას, ის მე როგორ მცემს პატივს, რად მინდა მაგის პატივისცემა?! როგორ შეიძლება კაცი ქალს როდესმე ასე მოექცეს?!“
მამა შალვა კეკელიას თქმით, ქალბატონების დიდი ნაწილი უცხოეთში მუშაობს და ოჯახებს მძიმე შრომით არჩენს:
„ჩვენი ქალების ძალიან დიდი პროცენტი გასულია უცხოეთში. იქ მუშაობენ, წვალობენ ჩვენი ქალები, იქიდან არჩენენ ამ ოჯახებს. რომ არა ეს ქალბატონები, ქართველი ქალები, დღეს რა მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა! ძალიან ბევრი მათგანი საშინელ სამსახურშია, ძალიან ბევრი საშინელი შრომით შრომობს. ეს არის კაცების ბრალი, რომ ქალებს ასე მოუწიათ წასვლა და მუშაობა. როგორ შეიძლება ქალი ასე გაუშვა კაცმა, პატივი არ სცე, არ მიხედო შენს ოჯახს?! როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?! ჩვენი ბრალია ეს, რომ ქართველ ქალს უწევს ქვეყნის დატოვება და უცხოეთში მუშაობა.“
„როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყანა?! გული მწყდება, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. როგორ შეიძლება, რომ ბავშვები დედების გარეშე იზრდებიან სახლებში?! ეს ადამიანები გმირები არიან, ვინც უცხოეთში მუშაობს. ისინი ძალიან ბევრს წვალობენ, ბევრ ოჯახს არჩენენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონებო! ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თქვენს სიწმინდეზე, თქვენს მონდომებაზე, თქვენს ლოცვაზე. ქალს შეუძლია კაცი ძალიან დიდ სიმაღლეზე აიყვანოს. თქვენ ეს შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ. უნდა გაამხნევოთ, ძალა მისცეთ კაცებს. კაცებმა თქვენზე უნდა იფიქრონ, თქვენ კი კაცებზე. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, შევეწიოთ ყველანი, რომ ეს ქვეყანა სხვა სიმაღლეზე ავიდეს,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.