„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მშობლებს კი გვინდა ხოლმე, რომ საუკეთესო აღზრდა მივცეთ ჩვენს შვილებს, მაგრამ ეს შეუძლებელია,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი
ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა ბავშვის იდეალურად აღზრდის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელს არ შეუძლია ბავშვი იდეალურად აღზარდოს:
„ჩვენი საუბრის თემა არის იდეალური აღზრდა. მშობლებს კი გვინდა ხოლმე, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთოთ და საუკეთესო აღზრდა მივცეთ ჩვენს შვილებს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ იდეალურები. მეორე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იდეალური პირობები.“
ინგა ბლესის თქმით, მშობელიც ადამიანია და მისი შესაძლებლობები ლიმიტირებულია:
„არის ასეთი მოცემულობა, არის ოჯახი, არის თერთმეტი ადამიანი, არის საქმე, რომელიც გასაკეთებელია. მშობელი ადამიანია. მას არ შეუძლია ეს ყველაფერი მარტომ გააკეთოს. შესაბამისად ბავშვებიც ჩართულები არიან შრომაში, ერთმანეთის აღზრდაში. ეს მოცემულობაა. კარგად აისახება ეს ვიღაცაზე, ვიღაცაზე ცუდად აისახება თუ რას იზამს, ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობას ვერ გაექცევი.“
„იდეალური პირობები არ არსებობს. შეიძლება ბავშვში ბევრი კარგი თვისება ჩამოყალიბდეს, შეიძლება რაღაც დააკლდეს. რაც გვაქვს, ჩვენ იმის მიცემა და გაცემა შეგვიძლია. რაც არ გვაქვს, როგორც არ უნდა გვინდოდეს, ამას ვერ მივცემთ ვერავის, მათ შორის შვილებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან გვიყვარს, მათზე ვზრუნავთ და მათთვის საუკეთესო გვინდა,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.