როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ ბავშვობაში ხშირად გვესმის: „ცელქია და ვერ გავაგებინე ვერაფერი,“ მერე საკუთარ თავს ვეუბნებით იმავეს,“ - ირინა ტაბუციძე
ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ნეგატიური ფიქრების დამაზიანებელი ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნეგატიურ აზრებზე კონცენტრაცია ადამიანებს ხშირად უკან ხევთ:
„ნეგატიური ფიქრები ყველას გვიჩნდება. ეს დამაზიანებელი ხდება მაშინ, როდესაც არის ძალიან ხშირად, ინტენსივობა რომ მაღალი აქვს. ყველა შენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ერთი და იგივე აზრი ტივტივდება. თქვენს ფიქრებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე მოვლენა იწვევს ამას. ყოველი ახალი პროექტის დაწყების წინ პირველი შეიძლება მოდიოდეს: „არ გამომივა, მე ხომ ამდენი არ შემიძლია, მე ამას ვერ შევძლებ, მე ამას ვერ გადავიტან.“ წარმოიდგინეთ, რამდენად გხევთ ეს უკან და რამდენად დამაზიანებელია.”
„ხშირად სათავე მაინც არის ხოლმე ბავშვობაში, აღზრდაში. მნიშვნელოვანია, ხშირად გვაქებენ თუ არა, გვაღიარებენ თუ არა, ჩვენს წარმატებას აღნიშნავენ თუ არა. თუ ბავშვობაში ხშირად გვესმის: „ამისგან არაფერი არ გამოვა,“ „ცელქია და ვერ გავაგებინე ვერაფერი,“ მერე რაც მშობლისგან გვესმის, საკუთარ თავს ვეუბნებით იმავეს. გადაჭარბებული ქება სხვა პრობლემას შექმნის, შეიძლება რეალობას ასცდე.“
„ნეგატიურ აზრს, როგორც წესი, ახლავს ემოცია. ის რაღაც ძლიერ ემოციას იწვევს. შეიძლება ეს იყოს შფოთვა, შიში, ბრაზი. თუ ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ის არის უკვე დამაზიანებელი. ნეგატიური აზრი ხდება დამაზიანებელი მაშინ, როდესაც ჩვენ მასზე რეაგირებას ვახდენთ. შეიძლება, მოვიდეს ფიქრი და წავიდეს, დავთრგუნო ეს ფიქრი. არის სიტუაცია, როდესაც ამას ვერ ვახერხებთ. რეაგირება რას ნიშნავს?! დავიწყებ შფოთვას, რეალურად ვაფუჭებ საქმეს და ვამართლებ შიშს. ამას შეგვიძლია დავარქვათ აკვიატება. ვერ ვაკონტროლებთ ამას, თავისით მოდის და მოდის. რთულ შემთხვევაში სჯობს სპეციალისტს მივმართოთ. რთულია შემთხვევა, როდესაც აღმოაჩენ, რომ აღარც კარიერა გაქვს, აღარც პირადი ცხოვრება, ყოველი სიახლის დროს შენი ნეგატიური აზრები გხევს უკან, არაფერი აღარ გიხარია. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა უკვე“ - აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.