,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს ლექსების სწავლა, კლასიკის შესწავლა... თვითონ ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის, მიმწოდებელია შუაში,“- პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვების კლასიკური ლიტერატურით დაინტერესებაში მასწავლებლის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა:
„ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს კლასიკის შესწავლა, არ უყვარს ლექსების სწავლა, თუმცა ისეთებსაც ვხედავ, რომლებსაც უყვართ ეს ყველაფერი. თვითონ ლირიკა და ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის აქ, მიმწოდებელია შუაში. მასწავლებელი არის შუამავალი ბავშვსა და კლასიკურ საგანძურს შორის. თუ მასწავლებელს ეს კლასიკური საგანძური მოაქვს, როგორც მხოლოდ სკოლის პროგრამის ნაწილი, რომ მერე ტესტი ჩაატაროს, თან ამას აკეთებს მკაცრი სახით, თან ეჩხუბება, ეს გავლენას ახდენს ბავშვზე. ერთ-ერთ ბავშვს ვკითხე, როგორი მასწავლებლები გყავს-თქო. მან მიპასუხა: „არცერთი მასწავლებელი არ მყავს, რომელიც გაკვეთილის წინ რომ დამინახავს, მკითხავს, როგორ ხარო.“ კლასში რომ შედის მასწავლებელი და „როგორ ხართ?“ კითხვის ნაცვლად ამბობს: „გადაშალეთ წიგნები, როგორ არ მოიტანეთ დავალება?“ და ამის ფონზე ამოიღებს საგანძურს, ეს საგანძური ბავშვისთვის აღარ არის საგანძური.“
„10 წლის წინ საქართველოში ექსპერიმენტი ჩავატარეთ. გავზომეთ როგორ უყვართ ბავშვებს თავიანთი მასწავლებლები სხვადასხვა საგანში. ეროვნული გამოცდა რომ ჩააბარეს ბავშვებმა, შევადარეთ ქულები იმას, თუ როგორ უყვარდათ მასწავლებელი. სადაც მასწავლებელი ძალიან უყვარს, ძალიან მაღალ ქულას იღებს ბავშვი, სადაც სძულს - ძალიან დაბალს. მამაჩემს, შალვა ამონაშვილს ჰყავდა მასწავლებელი ვარვარა ვარდიაშვილი. ის ისე აწვდიდა ბავშვებს „ვეფხისტყაოსანს,“ რომ დღემდე ჯიბით დააქვს მამაჩემს „ვეფხისტყაოსანი.“ მე არ მყავდა, სამწუხაროდ, ვარვარა ვარდიაშვილი მასწავლებლად და მიკვრიდა, რა აინტერესებს-მეთქი მამაჩემს ამ „ვეფხისტყაოსანში.“ სკოლაში „ვეფხისტყაოსანი“ იყო ისეთი ნაწარმოები, რომელიც ძალიან არ მიხაროდა. გაძალებდნენ დაზეპირებას, რთულია, ვერ გიხსნის მასწავლებელი. თვითონ „ვეფხისტყაოსნის“ ბრალი კი არ არის, მიმწოდებლის ბრალია ეს. ყველაზე დიდი კლასიკური საგანძურიც შეიძლება ბავშვისთვის საძულველი გახდეს საძულველი მასწავლებლის ხელიდან. სანამ კლასიკას მივიტან ბავშვთან, რატომ არ უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ შევაყვარო თავი?! მოდი, ჯერ მე შევუყვარდე და რასაც მივუტან, ისიც შეუყვარდება. თუ სიძულვილს მივუტან, თუ მე არ მოვწონვარ, რასაც მივუტან ისიც არ მოეწონება. საუკეთესო პატრიოტული ლექსიც გახდება იძულების ნაწილი. თუ დამაძალებთ, დავიზეპირებ, მაგრამ დავივიწყებ, როგორც კი გამოცდას ჩავაბარებ,”- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.