Baby Bag

ამბები, რომელთაც გამოგონება არ სჭირდება...

ამბები, რომელთაც გამოგონება არ სჭირდება...
როგორ დავიწყო?
იქნებ ჩემი ფეისბუქმეგობრების პოსტებით... ერთი სტატია კი არა, მთელი კვლევა გაკეთდება:
ლელა: იქ მინდა, იქ, ჩემს სოფელში, მალე ცოლიკაური დაიწყებს მწიფობას, კვალის თავში რომ ერთი ძირი ქართულაა, გაიჩენს ხალებს და ქარვისფრად შეიფერება...
ირინა: დედამისს ეკრანს იქით რომ უყურებს, ვერ ეგუება. არ ელაპარაკება, ეძახის, მიყვარხარ და მენატრებიო. მეგონა, ჩემთან მიჩვეულია და არ გაუჭირდება სიშორე-თქო, თურმე ვცდებოდი... ქუჩაში რამდენჯერ მიამსგავსა მის დედიკოს სხვა და რამდენჯერ ამაჩქარა, ჩავიდეთ, დედიკო ჩამოსულაო...
​მანანა: ჩემო მონატრებულო შვილო, გილოცავ დაბადების დღეს! ერთი სული მაქვს, გულში ჩაგიკრა. მაგრამ ეს როდის იქნება, ვინ იცის... ცრემლებს ვერ ვიკავებ...
არა, გადავიფიქრე ასე დაწყება - მეც ვერ ვიკავებ ცრემლებს...
უკეთესი იქნება, თუ პირად მიმოწერებს და გაგონილ ამბებს გაგიზიარებთ...
„ზუსტად ვიცი, 5 წელი ვერ ჩამოვალ. ეს მინიმუმ... ვალები კი გადავიხადე, მაგრამ მარტო ამის გულისთვის არ ღირს ამდენი წვალება. ბინა მაინც ხომ უნდა ვიყიდო!
„დამიჯერე, ქალები არაფერს არ იმეტებენ თავისთვის, წამლის ფულს არ იტოვებენ ჯიბეში. ბოლო კაპიკამდე მიდის ყველა ფული საქართველოში. ასეა აქ და ასე იქნება სხვაგანაც. რაც უფრო მეტს აგზავნიან, მით უფრო მეტი მოთხოვნაა ოჯახებიდან.“
„ქალებს ვიცნობ, 24-ე წელია, აქ არიან, უკნიდან რომ შეხედო, თითქოს წელგამართულია. წინიდან - გული დაგეწვება: დაღარული, გამოთავებული, ჩამომჭკნარი, სახეარეული, აშლილი... თვითონ მოსავლელი.“
„საშინელი დღეები გადავიტანე: მარტოობით, მონატრებით, ცრემლებით სავსე. მაინც მგონია, რომ ცუდი არჩევანი არ გამიკეთებია. საკუთარ ოჯახს დავეხმარე. ახლა რომ ჩემი შვილები წელგამართულები ცხოვრობენ, კარგი სამსახურები აქვთ, ჩემი დამსახურებაა, ამას ხშირად აღნიშნავენ კიდეც. ამ კუთხით ძალიან გამიმართლა.“
„დედის გასვენებაზე ვერ ჩავედი. დედას ისე ძალიან ვენატრებოდი... ვიცი, ჩემი დანახვა სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა.“
​„9 წელი მოხუცს ვუვლიდი. წამოსვლა გადავწყვიტე, შვილებს ვუთხარი: გასწავლეთ, დაოჯახდით, მინდა შვილიშვილებთან მეც გავიხარო-მეთქი. ქალიშვილმა: არ იჩქარო, ჩვენთან კიდევ უფრო უარესად არის საქმე, მეც მინდა შენთან ჩამოვიდე სამუშაოდ. გავგიჟდი: რაც მე გამოვიარე, შენ არ უნდა ნახო-მეთქი... ასე დავრჩი. როდის ჩამოვალ, არ ვიცი. ჯანმრთელობაც გამიუარესდა. საკუთარი თავი მეცოდება.“
​„ჩემი შვილები ფინანსურად ჩემზე არიან დამოკიდებულნი, ამიტომ უკან დაბრუნება არ შემიძლია. არც ერთი არ მუშაობს, სამსახურს ვერ პოულობენ“.
​„კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი, შვილების რჩენა შევძელი, მაგრამ საკუთარი თავი ამ პერიოდში გვერდზე გადავდე. ეს წლები ჩემთვის დაკარგულია“...

​ახლა, კინოკადრებივით ჩნდება ჩემს გონებაში შორს მყოფი, ნაჯაფარი, მონატრებით დამძიმებული ნაცნობი ქალების სახეები.
​და მათი ოჯახები.

​შვილები:

​„მეც ვმუშაობ, ცოლიც, მაგრამ ჩვენი ხელფასი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის.“
​„დედამ აქ რა უნდა აკეთოს? ამხელა ოჯახს შენახვა არ უნდა? მე ვერ ვმუშაობ, ბავშვები დამყავს სკოლაში, ცეკვაზე, ინგლისურზე, სპორტზე“...

​დედები/დედამთილები:

​„სად შემიძლია ამდენი? ჩემები გავზარდე, ახლა შვილიშვილებს დავსდევ. დედაც წასულია, მამაც... მაგრამ რა ვქნა, არ დავეხმარო?!“
​„ჩემი შვილიშვილი დედას მეძახის... დედამისი წლებია, არ უნახავს.“

​ესეც ტკივილით სავსე ისტორიებია... ისევ ემოციები... ამბები, რომელთაც გამოგონება არ სჭირდება.
​უფრო „ცივი“ ვერსია მინდა...
​ვხედავ, ორიგინალური დასაწყისის ძიებაში წერილიც იკინძება...
​მიგრაციის თემა განსაკუთრებულია ჩემთვის. შეიძლება იმიტომაც, რომ იძულებითგადაადგილებულობის პრობლემაც ვიცი და ახალ გარემოსთან შეგუების სიძნელეც გამომიცდია. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ (ფონდი „სოხუმი“) და ვხედავ კავშირს მიგრაციასა და კონფლიქტებს, მიგრაციასა და ძალადობას, მიგრაციასა და ადამიანურ უსაფრთხოებას შორის... თითოეულ ამ კავშირზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი...
​მაღელვებს ოჯახების მთლიანობის დაკარგვის საფრთხე.
​ოჯახში დარჩენილების სევდა.
​ოჯახიდან სამუშაოდ შორს წასული ქალების ბედი.
​ქალების იმიტომ, რომ ციფრების მოხმობის გარეშეც ნათელია - დიდია უცხოეთში წასულ ქალთა რიცხვი. ერთ-ერთი მონაცემებით, 272 მილიონი ადამიანი იყო გასულ წელს საერთაშორისო მიგრანტი, მათი 48%-მდე არის ქალი.
​საქართველოდან წასულთა შორის წლების მანძილზე უმეტესობა ქალი იყო. თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება სამუშაოდ წასულ მამაკაცთა რაოდენობის ზრდაც...
​უკვე არავინ სვამს კითხვას: რატომ მიდიან? მაგრამ დღემდე სხვადასხვაგვარად ფიქრობენ ქალის წასვლა-არწასვლაზე:

​ერთნი ამბობენ: - არ უნდა წავიდეს! იყოს თავის ოჯახში, შვილებთან... ფული კარგია, მაგრამ არ ღირს იმ პრობლემებად, მისი წასვლით რომ ჩნდება.
​მეორენი კი: - აბა რა ქნას? ოჯახი ვალებიდან ვერ ამოდის. არანაირი პერსპექტივა არა აქვთ. ეს გამოსავალია.
​ორივე მხარე მართალია.
​ყველას თავისი არგუმენტი აქვს, თავისი სიმართლე, მაგალითები...

​წასვლა ტრაგედია სულაც არ იქნებოდა, ეს რომ ქალების სურვილით ხდებოდეს. ისინი რომ იძულებულები არ იყვნენ - ბანკის ვალების, უმუშევრობის, ქვეყნაში არსებული სოციალური პრობლემების, უპერსპექტივობის გამო.
​და იმის გამოც, რომ არავინ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. ყველაზე მარტივია, ქალისკენ გაიშვირო ხელი:
​- ავადმყოფ მშობლებს ვერ მიხედა, ვერ დაიტირა - მოხუცები დატოვა და აბა რა იქნებოდა, სად მიდიოდა?
​- ქმარი ხელიდან წავიდა და, რა თქმა უნდა, ქალის ბრალია: - კაცს აბა რა ექნა?! საყვარელი გაიჩინა, სმა დაიწყო, კაზინოში „გაერთო“...
​- შვილმა დედის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი მანქანა დაამტვრია, ითამაშა, წააგო, ნარკოტიკს მიეძალა, თავი მოიკლა - დედის ბრალია, უპატრონოდ დატოვებული ბავშვი აბა რას იზამდა?

​პასუხისმგებლობა, ძირითადად, ქალზეა.
​არსებობს ცუდი სცენარები, მაგრამ ყველაზე კარგ სცენარში - მატერიალური კუთხით, ანუ გარეგნულად, ერთი შეხედვით:
​შვილები ბედნიერები არიან - არაფერი აკლიათ და არც იკლებენ (ისიც კი გავიგე ერთისგან, მიხარია, ევროს კურსი რომ იწევს, დედაჩემის გამოგზავნილი ფული ლარებში მეტი მომივაო)...
​ქმარი კმაყოფილია - ოჯახში კეთილდღეობაა: საჭმელ-სასმელი, რემონტი, მანქანა, აგარაკი...
​სახელმწიფოსაც „მოგვარებული“ აქვს უმუშევრობის პრობლემა - ერთი ქალის წასვლით ერთი ოჯახი (შეიძლება მეტიც) კომფორტულად ცხოვრობს. ათასობით ქალი კი ათასჯერ მეტი კარგი საქმეა...
​ერთი შეხედვით მართლაც ასე ჩანს... ფსიქოლოგიური პრობლემები კი დიდად არავის აინტერესებს. არც ის - ქალის მიგრანტული ცხოვრება რომ წლობით გრძელდება. ამაზეც უსასრულოდ შეიძლება წერა და ლაპარაკი, რადგან განსაკუთრებულია თითოეული ქალის და მისი ოჯახის ისტორია - იქიდან და აქედან, ორივე მხრიდან დანახული...

​ამჯერად გამორჩეულ ქალებზე მირჩევნია, გიამბოთ - თავის კვალს რომ ტოვებენ უცხო მხარეში და ბევრი ადამიანის სიკეთეზე ფიქრობენ...

​რუსუდან ზაზაშვილი ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში. ახლა ოჯახთან ერთად ავსტრიაშია. მისი მონდომებით ქალაქ გრაცში შარშან შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა „იმედი.“

  

საკვირაო სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან 4 წლის ასაკიდან. სკოლაში ქართული სულია - სწავლობენ ქართულს, წერენ, კითხულობენ, მღერიან, ცეკვავენ, ხატავენ, თამაშობენ, აწყობენ ტელეხიდს საქართველოსთან, ერთად დადიან ტაძარში და ესწრებიან წირვას ქართულ ენაზე, ერთად აღნიშნავენ დაბადების დღეებს, პიკნიკობენ... საქველმოქმედო აქციებს ატარებენ: საქართველოში თანატოლებს საჩუქრებს უკეთებენ... სულ ახლახან სკოლამ ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ბევრი საინტერესო რამ მოხდება კიდევ...

ლელა თოლორდავა ქუთაისელი ჟურნალისტია. საოცარ ფეისბუქსტატუსებს აქვეყნებდა მისთვის უჩვეულო ყოველდღიურობაზე - შემდეგ კი შეიქმნა წიგნი „ბადანტე“. „ბადანტე“ იტალიურად მომვლელს ნიშნავს და წიგნიც ბადანტედქცეული ქართველი ქალის ცხოვრებას ასახავს.

  

ლელა ამბობს, რომ ყველგან, სადაც უმუშავია, პატივს სცემდნენ. თუმცა არიან ოჯახები, მონებად რომ თვლიან მათთან დასაქმებულ „სტრანიერებს“ (უცხოელებს). მისი თქმით, - ის, რომ ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ქალია, ქალების ძალა კი არა, ტრაგედიაა:

​მადლობა ღმერთს, ქალების ნაწილი ბრუნდება. მოაგვარებს ძირითად პრობლემებს, ბრუნდება და გრძელდება ოჯახის ჰარმონიული ცხოვრება. ისეთი ქალებიც ვიცი, უვიზო მიმოსვლის შემდეგ წელიწადში სამ-სამი თვით რომ მიდიან ხოლმე ევროპაში და არიან - იქაც და აქაც...
​ისეთი ისტორიებიცაა, ჩამოსვლაზე უარს რომ ეუბნებიან ოჯახის წევრები: შინდაბრუნებით იდილია დაირღვევა. ფულადი გზავნილები გაქრება, კომფორტს მიჩვეულ ოჯახში კონფლიქტები დაიწყება...
​ქალი, თავსაფრიანი დედაკაცივით რომ „გადაიფრენდა, იშოვიდა, გადივლიდა, გასცურავდა, მიიფრენდა და თავისას მიაღწევდა“ - ერთხელაც გულისტკივილით გაიფიქრებს: „აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი“...

​საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხდება შრომითი მიგრაციის რეგულირება, ქვეყანაში ვითარდება მიგრაციის მართვის სისტემა. არის გარკვეული ცვლილებები... გაეროს დეკლარაციები, კონვენციები, რეკომენდაციები და უამრავი დოკუმენტი არსებობს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის შესახებ, დაბრუნებულ ქალსაც იცავს გარკვეული კანონები, მაგრამ რეალობა ასეთია: დღესაც ალაგებს ქალი ჩემოდანს, ელოდება პანდემიის შედეგად გაიშვიათებული რეისების განახლებას, რომ წავიდეს...

​წასვლა-არწასვლა, რომელიც ზოგჯერ ყოფნა-არყოფნასაც უდრის, მაინც ამ არჩევანის წინაშე მდგარი ქალების გადასაწყვეტია.
​ვინც წავიდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთა. მაგრამ მთავარია, სხვებმაც გავინაწილოთ პასუხისმგებლობა: შვილმა, მეუღლემ, ოჯახმა, საზოგადოებამ და, რაც მთავარია, სახელმწიფომ! რომ სამუდამო მიგრანტებად არ ვაქციოთ ისინი, რომ მათაც შეძლონ ოჯახში დაბრუნება და რთული წლების შემდეგ მიიღონ მადლიერება, სითბო, სიყვარული, ზრუნვა...
ავტორი: ლალი შენგელია
​ილუსტრაციის ავტორი: ია შამათავა

​„დედების სახლში დაბრუნებაზე დიდი პრობლემა არ აქვს ჩვენს ქვეყანას, ესაა ნომერ პირველი პრობლემა!!!“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ლელა თოლორდავა და მეც ვეთანხმები - საქართველოსთვის სულერთი არ უნდა იყოს ამდენი განუსაზღვრელი დროით წასული ქალის და მისი ოჯახის ბედი!

შეიძლება დაინტერესდეთ