1990-იანი წლებია. ურთულესი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. უშუქობა, პურის რიგები, გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური ფონი, ომი... ადამიანები ფიზიკური გადარჩენის გზებს ეძებენ. საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელთა ტალღა დაიძრა. ძირითადად რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში მიდიან. ემიგრაციამ პიკს მიაღწია.
მახსენდება იმდროინდელი სატელევიზიო სოციალური რეკლამა: ბაბუა შვილიშვილებთან ერთად ნავთის ლამფით განათებულ მაგიდას უზის, გაისმის სატელეფონო ზარი - საზღვარგარეთიდან ბავშვების მამა რეკავს, კადრში ჩანს როგორ უხერხულად იწურება მამაკაცი, სატელეფონო ჯიხურთან, რომელსაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემოძარცვია, მამა, რომელიც ოჯახის სარჩენად წავიდა, თუმცა ხელმოცარული, ფულის გამოგზავნას და უკან დაბრუნებასაც ვერ ახერხებს. ეს კლიპი ზუსტად ასახავს საქართველოს იმდროინდელ ვითარებას. ძალზე ნაცნობი სურათი ბევრი ოჯახის ისტორიიდან.
ემიგრაციის პროცესი შემდგომ წლებშიც გრძელდება. ამას გარკვეულწილად, დადებითი შედეგებიც მოჰყვა, ბევრ ადამიანს მიეცა სტიმული, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს ძიებისა. ბევრმა განათლებით, სპეციალობით შეძლო თავის დამკვიდრება, ძირითადად კი ქალებს ძიძებად და მომვლელებად დასაქმების საშუალება მიეცათ, რაც ოჯახისათვის თავდადების დედობრივმა ინსტინქტმა განაპირობა. ოჯახებმა ამოისუნთქეს. რუსეთი, აშშ, ევროპა, თურქეთი - ეს ის ქვეყნებია, საიდან გამოგზავნილი ფულით დღემდე განაგრძობენ არსებობას, იძენენ ქონებას, იწყებენ საკუთარ ბიზნესს.
თუმცა, ყოველივე ამას ამას მეორე, უარყოფითი მხარეც აქვს. ადამიანები ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულები მიგრაციის რისკებზე, ტრეფიკინგის საფრთხეებზე. ისინი, ძირითადად, ტურისტული ვიზით მიდიოდნენ, შემდეგ კი არალეგალურად რჩებიან. ბევრმა სახლი გაყიდა, ვალი აიღო... უცხოეთში მოპოვებული თითოეული დოლარი ჯანმრთელობის, ფსიქიკის მოშლის ფასად დაუჯდათ ადამიანებს. თაობები, კი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, უზრუნველი შემოსავლის შემყურე, გადაეჩვიენ შრომას, დაკარგეს მოტივაცია, მოჭარბებულმა ფულმა გამოიწვია ახალგაზრდობის დემორალიზაცია, დედების მზრუნველობას მოკლებულ შვილებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, დაინგრა ოჯახები. ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ 15 წლამდე მოზარდს მხოლოდ დედის ალერსი, სითბო და მზრუნველობა ჭირდება და მატერიალური მხარე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ტრაგედიაა, როდესაც დედა შვილს 10 და მეტი წელი ვერ ნახულობს. შერყეულ ფსიქიკას გაბოროტება, თვითმკვლელობები, კრიმინალი მოსდევს. ჩემი აზრით, დღევანდელი ემიგრანტის (როგორც ისინი თავს უწოდებენ) ცნება, სცდება ჩაკეტილი სამყაროდან თავისუფლების საძიებლად წასული ემიგრანტობის ცნებას. არალეგალურად ცხოვრების შიშმა და საკუთარი ოჯახებისგან მიღებულმა წნეხმა ამ ადამიანებს მორალული დაღი დაასვა.
გარე მიგრაციის მაღალმა ინტენსივობამ ქვეყანას დემოგრაფიული საფრთხეები შეუქმნა. განსაკუთრებით დაზარალდა ქართული სოფელი, დაიცალა და გაუკაცრილდა. ოფიციალური სტატისტიკით, 1992 წლიდან 2015 წლამდე, საქართველოდან მოსახლეობის გარე მიგრაციამ 1 005,2 ათასი შეადგინა, რასაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მოჰყვა. 2015 წლის 1 იანვრის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა1992 წელთან შედარებით, 1738 ათასით შემცირდა და 3 730 ათასი კაცი შეადგინა.
დღეს, როცა საქართველომ შენგენის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაცია მოიპოვა, ადამიანებს ახალი პერსპექტივა გადაეშალათ თვალწინ. გაჩნდა შესაძლებლობა პროფესიული გადამზადების, სამუშაო ვიზების მოპოვების, მაგრამ ქართულმა ხასიათმა აქაც იჩინა თავი. მავანს არ ესირცხვილება, იოლი საარსებო შემწეობის გაჩენის მიზნით, პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა და ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის შელახვა, მაშინ როდესაც საქართველო უკვე უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვშია.
COVID-19-მა მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ქვეყნები ჩაიკეტა. ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მთავარი ღერძია, შეჩერდა. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ვერ ბრუნდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ვერ ახერხებს შეიძინოს დასაბრუნებელი ბილეთი, უჭირს საელჩოსთან დაკავშირება და დახმარების მისაღებად აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. ამ ყველაფრის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ მათ არ აქვთ დანაზოგი, არ ენდობიან სამართალდამცავ უწყებებს, არ იციან ვის და რა ფორმით მიმართონ. ბევრს ეშინია უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის ან სხვა, გაურკვეველი ვითარებების გამო ღელავს. ზოგიერთს სურს დაბრუნება, მაგრამ საზღვარზე წლების მანძილზე დარღვევების გამო დაგროვებული ჯარიმის, ათასობით ლარის, გადახდის საშუალება არ აქვს. ბევრ საქართველოს მოქალაქეს ეშინია, რომ თუ დროებით საქართველოში ჩამოვა, დარღვევების გამო ჩOVID-19-ის მერე ევროკავშირის ქვეყნებში დაბრუნება გაუჭირდება.
ხშირად გვესმის, „მანდ ვის ვჭირდებით“, „რომ ჩამოვიდე, სად ვიცხოვრო“, „შვილებს ხომ არ დავაწვები სარჩენად“...
იქნებ დროა, ადამიანებმა საკუთარ ქვეყანაში თავის დამკვიდრებაზე დაიწყონ ზრუნვა, პროექტებით (2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერი პროგრამები და პროექტები) სესხებით, რომელიც საზღვარგარეთ გასამგზავრებლად უნდა აეღოთ, მიჰყონ ხელი საკუთარ მეურნეობას, მცირე მეწარმეობას.
რა მიმზიდველად მოჩანს აქედან უცხოეთის სიმდიდრე და ფუფუნება, მაგრამ ღირს კი ამისთვის ხარკის გადახდა ემიგრანტობის ფასად?!
ავტორი: ირინე გოგიტაური