უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ თეა ამერიკის საელჩოში შევიდა, ცდა ბედის მონახევრეა, ეგებადა ათწლიანი ვიზა გამოვიტანოო, გაუმართლა! აქამდე დალაგებული გეგმები სულ სხვაგავარად გადაალაგა, ოჯახის შექმნაზე ფიქრი სადღაც იქით გადაწია, წასასვლელ თანხასაც მოუყარა თავი და, რომ არა მისი ბერად შედგომილი ძმის კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია და დაუღალავი მცდელობა ჩემოდნებზე შემჯდარი, ოკეანისგადაღმა ფეშენცხოვრების აწყობის დაუოკებელი სურვილით აღსავსე დის შესაჩერებლად შემოსავლიანი და თანაც საინტერესო სამსახურის შედეგიანი ძიებისა, ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა თეას ემიგრაცია ამერიკაში?! სამსახურს ოჯახი მოჰყვა, ახლა შტატები და ამერიკული ოცნებები კიარადა, მზრუნველი ქმარი და ორი ბოკვერივით ბიჭი ჰყავს და ყელამდე ბედნიერია!
ელზამ გვიან აღმოაჩინა მისი სათაყვანებელი ვაჟის არაჯანსაღი, დამღუპველი ინტერესი აზარტული თამაშებისადმი, ეგონა შეყვარებული ჰყავდა და მასთან შესახვედრად და პატივსაცემად ხარჯავდა მშობლების მიცემულ ფულს. ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა, რომ ბიჭი ყელამდე ვალში იყო ჩაფლული! ფეხქვეშ მიწა, შიგნიდან მთავარი საყრდენი, ზნეობის, მორალის და სრულყოფილების შეგრძნება ერთდროულად გამოეცალა ელზას, სასწაფოდ დაუკავშირადა ნაცნობ-უცნობებს, დიდი წვალების, ნემსის ყუნწში გაძვრომის შემდეგ, როგორც იქნა, გადალახა ისრაელის საზღვარი და დაიწყო ჯოჯოხეთური ყოველდღიურობა, ზედ დამატებული აუტანლად ცხელი კლიმატი და თანდართული ჯანმრთელობის და კიდევ სხვა, ფსიქოემოციური პრობლემები, ფულადი გზავნილები სახლში ვალის დასაფარავად... ამბობენ, ელზას ბიჭი კიდევ თამაშობს, მეტი მონდომებით, გარანტირებულ ფულს ელოდება დედისგან, ელზაც გზავნის, ინსტიქტად და რეფლექსად ექცა, ვალი კი არ ილევა...
დაუსრულებლად შეიძლება წერო მსგავს ისტორიებზე, ქალების საქართველოში გაუმჟღავნებელ და ემიგრაციაში აღმოჩენილ უნარებზე, გადაარჩინონ ოჯახი და საკუთარი თავიც, რა შეძლებიათ თურმე ქალებს?! თავდადებულ, მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად მათი ფანტაზიაც ხომ ამოუწურავია, ამბობენ, ემიგრაციაში ცოლქმრული ურთიერთობის სიწმინდეზეც აზრი ეცვლებათო, უფლის მადლს კარგავენ და გულიც უცივდებათო... წლები გარბის და ჭირს ზღვარის დაჭერა, როდის დაბრუნდნენ, სად დაუსვან წერტილი, ვეღარ აცნობიერებენ სასიცოცხლოდ აუცილებელს აწვდიან ოჯახებს თუ შვილების და შვილიშვილებისთვის ზედმეტი ფუფუნების დასაგროვებლად იღწვიან, ან თუ ებადებათ კითხვა რა იქნება შინ დაბრუნების მერე, შეძლებენ ინტეგრირებას ოჯახის წევრებთან, ძმისშვილებთან, მეგობრებთან? იქნებ შიშიც აქვთ, რომ ვერ შეეგუებიან, ან ისინი არ მიიღებენ უმუშევარს და უფულოს? ვინ იცის, რა ცეცხლი უტრიალებთ გულში, გამოუთქმელი და მტანჯველი! ვინ არის ემიგრანტი, რამდენი ხანი შეიძლება გერქვას ეს სახელი, რომელ მიწა-წყალს ეკუთვნი, შენ სამშობლოს, სხვისას??? ვის უნდა მოსთხოვო რამე რომ გაგიჭირდეს - შენ სახელმწიფოს, სხვისას??? ღმერთო, რა საშინელი კითხვებია... იქნებ, ცხოვრების ბოლოს ისიც აღმოაჩინო, რომ სხვაზე მეტი არც არაფერი გაგაჩნია და მწარედ აღმოგხდეს, მიღირდა მთავარი ფასეულობები: ჯანმრთელობა, პირადი ბედნიერება, განუხორციელელბელი დედაშვილობა, ძვირფას ადამიანებთან სიახლოვის სიხარული მენაცვალებინა ამ ყველაფრისთვის? არა, ეგოისტი არ ხარ ამ კითხვებისთვის, ადამიანი ხარ, მოკვდავი და ჩვეულებრივი, უბრალოდ ხანდახან უჩვეულოდ ბევრს და შეუძლებელსაც ითხოვენ შენგან... ვინ იცის ემიგრანტებო?! თქვენი დარდია ეს, თქვენი განსაცდელი! მინდა გაგამხნევოთ და ერთი მარტივი ჭეშმარიტება შეგახსენოთ, ცხოვრება ყველგან მშვენიერია, სიხარულს სევდა და სევდას სიხარული ყველგან ახლავს - აქაც და იქაც!
P. S. სტატიაში გამოყენებულ ყველა ამბავს ჰყავს თავისი რეალური პროტოტიპი, გამოგონილი არცერთი არაა.
ავტორი: ირინე გოცირიძე