Baby Bag

9 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაზარდოს ბავშვი ბებიამ

9 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაზარდოს ბავშვი ბებიამ

ოჯახში ბავშვის დაბადებასთან ერთად ბებიები განსაკუთრებით აქტიურდებიან. ისინი მშობლებს ბავშვის აღზრდაში დახმარებას სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბებიებს შვილიშვილების მოვლა ახარებთ, ისინი იშვიათად ითვალისწინებენ მშობლების რეკომენდაციებსა და რჩევებს. ეს ყოველივე კი ბებიასა და მშობლებს შორის ხშირად კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ხდება.ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, მშობლებმა ბავშვის აღზრდაზე დამოუკიდებლად იზრუნონ და ბებიის დახმარებაზე უარი თქვან. ჩვენს სტატიაში იმ მიზეზებს გაგაცნობთ, რომელთა გამოც ბავშვის აღზრდა ბებიას არ უნდა მიანდოთ.

  • ბავშვის მოვლის მოძველებული მეთოდები

წლების წინ ბავშვებს 37 გრადუს ტემპერატურაზე აბანავებდნენ, დღეს კი ბავშვის ბანაობა 33-34 გრადუსზეა რეკომენდებული. საბჭოთა კავშირში მცირეწლოვან ბავშვებს ძროხის რძეს და ხილის წვენებს აძლევდნენ. თანამედროვე სამყაროში რძის ფორმულები იყიდება, რომლებიც ვიტამინებით არის გაჯერებული. წლების წინ ითვლებოდა, რომ ჩვილ ბავშვს ხელ-ფეხის გამოძრავების შესაძლებლობა არ უნდა მისცე. თანამედროვე მშობლებისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელია. ბებიები, როგორც წესი, უპირატესობას ბავშვის მოვლის მოძველებულ მეთოდებს ანიჭებენ და მშობლების ახალ მიდგომებს სულელურს ან არასაჭიროს უწოდებენ. თუ ბებია წინააღმდეგობას გიწევთ, მას კარგად აუხსენით, რომ თქვენ მხოლოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებას გეგმავთ. თუ ის თქვენს აზრს არ იზიარებს, ბავშვის აღზრდას ბებიას ნუ მიანდობთ.

  • საკუთარი აღზრდის პრინციპებისთვის უპირატესობის მინიჭება

ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომლებიც 30 წლის წინ აქტუალური იყო, დღეს ძალიან მოძველებულია. ადრე ბავშვებს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ. მათ მიმართ ზედმეტ სითბოს და სიყვარულს არ გამოხატავდნენ. ბავშვის ხელში აყვანას ერიდებოდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ მას ძალიან გაათამამებდნენ. მშობლებმა ბავშვის აღზრდაში მონაწილე ყველა ადამიანს აღზრდის საკუთარი პრინციპები უნდა გააცნონ. თუ თქვენთვის მიუღებელია ბავშვთან ძველებური, მკაცრი მიდგომების გამოყენება, ეს ყველასთვის გასაგები უნდა გახადოთ.

  • ბავშვის გათამამება

ბებიები საკუთარ შვილიშვილებს მეტისმეტად ათამამებენ. შესაძლოა, მშობლები შვილებს ასწავლიდნენ, რომ სადილის შემდეგ მათ საკუთარი თეფში უნდა გარეცხონ. ბებია შვილიშვილის შეწუხებას მოერიდება და მისთვის ყველაფერს თავად გააკეთებს. ეს ყველაფერი ბავშვს აბნევს. ის ვერ იგებს, როგორ მოიქცეს და რა არის სწორი საქციელი. მშობლებმა ბებიას გარკევით უნდა აუხსნან, რომ არსებობს აღზრდის ისეთი პრინციპები, რომლებსაც არავინ უნდა გადაუხვიოს. შეგიძლიათ, ბებიას თანამედროვე აღზრდის მეთოდების შესახებ წიგნიც წააკითხოთ და უთხრათ, რომ თქვენთვის გარკვეულ საკითხებზე კომპრომისზე წასვლა მიუღებელია.

  • ოჯახური ცხოვრების კონტროლი

ბავშვის აღზრდასთან ერთად ბებია წყვილის ოჯახური ცხოვრებითაც ინტერესდება. ის მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტისმეტად ერთვება. შესაძლოა, მან გააკრიტიკოს დედა, რომელიც ბევრს მუშაობას და მას ბავშვებისადმი უყურადღებობაში დასდოს ბრალი. ბებიასთან ურთიერთობისას მშობლებმა გარკვეული ზღვარი უნდა დააწესონ. თუ ბავშვის აღზრდაში დედამთილი გეხმარებათ, მას აუხსენით, რომ თქვენს ოჯახურ საქმეებში ჩარევას მისგან არ მოითმენთ. ნუ გააკეთებთ ამას მას შემდეგ, რაც მოთმინება ამოგეწურებათ. ბებიას ყველაფერი წინასწარ აუხსენით.

  • მშობლების ავტორიტეტის შელახვა

ბებიებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები აქვთ. ისინი მშობლების საწინააღმდეგო აზრს, როგორც წესი, შვილიშვილების წინაშე გამოთქვამენ. წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: ბავშვები ჭირვეულობენ, მათ ტკბილეულის მირთმევა უნდათ. დედას არ სურს, რომ ბავშვებმა ტკბილეული მიიღონ. ის შვილებს მკაცრი უარით ისტუმრებს. ამ დროს საუბარში ბებია ერთვება და ბავშვებს ნაყინის ყიდვას სთავაზობს. ბავშვები ხედავენ, რომ მათი მშობლების უარი საბოლოო არ არის და ბებია ყოველთვის მათ მხარეს იჭერს. ეს ბავშვის პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზი ხდება. აუხსენით ბებიას, რომ ბავშვების წინაშე საწინააღმდეგო აზრი არასდროს გამოხატოს.

  • ბავშვის დემოტივაცია

სამსახურში წასული მშობლები ბავშვს ბებიასთან ტოვებენ. ისინი თვლიან, რომ ასე უკეთესია. ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობლების ნახვას მათი სამსახურში ყოფნის გამო ვერ ახერხებს. სახლში დაბრუნებული უფროსები წუწუნებენ, რომ ძალიან დაიღალნენ. ეს ყოველივე ბავშვს შრომისა და მუშაობის წინააღმდეგ განაწყობს. ეცადეთ, სამუშაო გრაფიკი შეამციროთ და ბავშვებთან მეტი დრო გაატაროთ. როდესაც ბავშვს ბებიასთან იშვიათად ტოვებთ, ბავშვს თქვენი ნახვის სასიხარულო მოლოდინი ექნება. თუ ყოველდღიურად მუშაობთ და ბავშვი ბებიასთან იზრდება, ის იფიქრებს, რომ თქვენთვის ზედმეტი ტვირთია.

  • საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება

ბავშვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მშობლები თუ ვერ ახერხებენ, ამას ბებია აკეთებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, მშობლების მოლოდინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. წინასწარ აუხსენით ბებიას, რა უნდა ჩააცვას ბავშვს, რა აჭამოს ან სად ატაროს გასართობად, რათა შემდგომში იმედგაცრუებები არ გქონდეთ.

  • ბავშვისადმი გადაჭარბებული მზრუნველობა

ბებიები ბავშვებს მეტისმეტად ბევრ ტანსაცმელს აცმევენ. ისინი პატარებთან ერთად სეირნობას ერიდებიან, რადგან ეშინიათ, ბავშვი არსად გაექცეთ. ზოგჯერ ბებიები შვილიშვილებისთვის საშინაო დავალებებს თავად წერენ. რა თქმა უნდა, ბებიას ბავშვისთვის ყველაფერი საუკეთესო სურს, მაგრამ ის გაუცნობიერებლად უქმნის მას პრობლემებს. მსგავს პირობებში ბავშვი დამოუკიდებლობას ვერ სწავლობს. ბებია თქვენთან მოიპატიჟეთ და აჩვენეთ, როგორ ზრდით შვილს, რა მიდგომები და მეთოდები გაქვთ, რათა მან თქვენი მაგალითით იხელმძღვანელოს.

  • ჭარბი კვება

კვლევებით დგინდება, რომ ბავშვებს, რომლებიც ბებიებთან იზრდებიან, ჭარბწონიანობის პრობლემა ხშირად აწუხებთ. ბავშვი, რომელიც ჭირვეულობას იწყებს, ბებიასგან მაშინვე იღებს იმ საკვებს, რომლის მირთმევასაც მას მშობლები უკრძალავენ. აუხსენით ბებიას, რომ ჭარბი წონა ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. მან უნდა იცოდეს, რომ გარკვეული ტიპის საკვების მიცემა ბავშვისთვის კატეგორიულად არ შეიძლება.

ბებიებმა, რომლებსაც შვილიშვილების აღზრდა სურთ, მშობლების ინტერესები და მოთხოვნილებები უნდა გაითვალისწინონ, რათა ბავშვს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. თუ ისინი მშობლებთან კონფლიქტს არ ერიდებიან, ბავშვის სწორად აღზრდა ძალიან გაუჭირდებათ.

მომზადებულია​ adme.ru - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„20 წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„20 წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ემოციური რეგულაციისა და ემოციური განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან ერთად ზღაპრები ხშირად წაიკითხონ:

„XXI საუკუნეში ყველაზე მთავარი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება. დეჰუმანიზაციის პერიოდში, როდესაც ტექნოკრატიულ, ტექნოლოგიური რევოლუციები ხდება, როდესაც გაუცხოვება კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც ხდება გახლეჩვა საზოგადოებების, ამ პირობებში განსაკუთრებულ როლს იძენს ემოციური განვითარება და ემოციური რეგულაციის განვითარება. ეს არის მთავარი საზრუნავი დღევანდელ საზოგადოებაში. ინგლისის სასწავლო გეგმებს ვეცნობოდი ამას წინათ. იქ ემოციური რეგულაცია შეტანილია ერთ-ერთ მიზნად. ამერიკის შეერთებულ შტატებში საბავშვო ბაღებში ემოციური რეგულაცია შეტანილია ერთ-ერთ სასწავლო მიზნად, რომ ბავშვებს ეს სპეციალურად ასწავლონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის.“

„ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ზღაპარი კათარზისის საშუალებაა. ზღაპრის საშუალებით შემოდის ჩვენში ცხოვრებისეული რეალობები. ბავშვი ადაპტირდება და რეალობებს ასე ეჩვევა. ზღაპარი მნიშვნელოვანია ბავშვის წარმოსახვის, მეტყველების, ემოციური განვითარებისთვის, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მშობელთან ურთიერთობისთვის. 20 წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში. მეტი შეგიძლია არაფერი არ გააკეთო. ერთად იკითხოთ მობილურის, აქეთ-იქით სირბილის გარეშე, ჩართული იყო ამ ზღაპარში, ეს არის უებარი საშუალება მომავალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. როდესაც მოუცლელი მშობლები არიან და დანაშაულის განცდა აქვთ, ეს დრო არის სრულიად საკმარისი პატარა ბავშვის შემთხვევაში, რომ 20 წუთი, ნახევარი საათი ერთად იკითხონ,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად