გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„ჩემი შვილი უპასუხისმგებლოა, რომ ვეჩხუბები, ვითომც არაფერი, არც რეაგირებს...“ - თამარ გაგოშიძე ბავშვის ქცევის არასწორი შეფასების შესახებ
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვის ქცევის შეფასებისას უშვებენ. მან აღნიშნა, რომ უფროსებს ხშირად არასწორად ესმით ბავშვის ქცევა:
„მშობელი ამბობს შვილზე, რომ ის არის უპასუხისმგებლო: „ისეთი უპასუხისმგებლოა, საერთოდ არ ადარდებს, რომ ვეჩხუბები, ვამუნათებ, რას არ ვეუბნები, ვითომც არაფერი, არც რეაგირებს.“ გარეგნულად ასეა, არ ეტყობა, პოზა აქვს ასეთი. სხვა გზა არ აქვს ბავშვს. ნახეთ, საითკენ არის მიმართული მისი ქცევა: ის ცდილობს როგორმე ჩააქროს თქვენი აგრესია, არ უნდა კონფლიქტი. ენერგია რატომ უნდა დახარჯოს?! ჩვენგან განსხვავებით ბავშვები ძალიან ეკონომიურები არიან, ტყუილად ენერგიას არ დახარჯავენ. სინამდვილეში ამ დროს ამ საწყალ ბავშვს ძალიან კარგადაც აქვს ეს პასუხისმგებლობა. ხედვებსა და დამოკიდებულებებში ვერ ვთანხმდებით. ან მე ვერ ვიგებ, რა უნდა მას, ან ის ვერ იგებს მე რა მინდა მისგან.“
თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, აუცილებლად გაარკვიონ, რა არის ბავშვის ქცევის მიზეზი და მიზანი:
„ის, რომ ჩვენ ვჩხუბობთ და ვიძახით: „ახლა გაკვეთილები მოამზადე,“ ეს მოთხოვნა არ არის ხოლმე გასაგები ბავშვისთვის. მაგალითად, უწმაწურ სიტყვებს იძახის ბავშვი, ქცევაა ეს. ახლა უნდა გავარკვიოთ, რატომ იქცევა ბავშვი ასე: იმიტომ, რომ ყურადღების მიქცევა უნდა, იმიტომ, რომ კარგი ტიპია, იმიტომ, რომ ეზოში მარტო ეს ესმის, იმიტომ, რომ კარგი ტიპობაა დღეს ტელევიზორშიც უწმაწური სიტყვების ძახილი, თუ რატომ?! ქცევის მიზეზი ჩვენ უნდა გავიგოთ.“
„ჩვენ გვაქვს ქცევის მოტივი, ქცევის მიზანი და რესურსები. ერთია, რომ მე მინდა დავუკრა, მოტივაცია მაქვს ძლიერი, მაგრამ ჩემი რესურსები ხელს არ მიწყობს. ხშირად ეს ეხება ხოლმე დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვებს. ჩვენ დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვებს ვეძახით ისეთ ბავშვებს, რომელთაც კარგი ინტელექტი აქვთ, მაგრამ აკადემიური უნარების ათვისება უჭირთ. მოტივაცია კი აქვს ბავშვს, მაგრამ მაინც უპასუხისმგებლოს ეძახიან. რა გააკეთოს ბავშვმა? მას რესურსი არ ჰყოფნის. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენს ჯინაზე არ სწავლობს და უპასუხისმგებლოა. სტრესი საიდან მოდის? ჩვენს შესაძლებლობებს, მიზნებსა და გარემო მოთხოვნებს შორის როგორი კონფლიქტია, იმაზეა დამოკიდებული ჩვენ სტრესი გვაქვს თუ არა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.