Baby Bag

„ტყუილები არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვებს უგებენ“ - შალვა ამონაშვილი

„ტყუილები არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვებს უგებენ“ - შალვა ამონაშვილი

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა შვილი ატყუებს? - აღნიშნულ თემაზე აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ტყუილები არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვებს უგებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს არა აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს:

,,ტყუილი რა არის თავისთავად? -  ტყუილის დროს მე ფარდას ვუშვებ იმ სიმართლესა და შენ შორის, რამაც შეიძლება ჩემზე გავლენა იქონიოს. თუ ფარდა ჩამოვუშვი და ლამაზი ფარდაა, დამშვიდდება დედა, დამშვიდდება ყველა და მე არაფერი დამემართება. ეს ყველაფერი ბავშვმა უკვე განიცადა და გაიგო. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, არ შევუქმნათ ბავშვს ფარდის ჩამოშვების აუცილებლობა. როდესღაც პატარამ იგრძნო, დედას რომ მართალი უთხრა, იმიტომ გაბრაზდა, დასაჯა, საყვარელი ნივთი წაართვა, არ გაუშვა, გაებუტა და სხვა. ეს რადგან არ უნდა ბავშვს, ამიტომ ფარდებს უშვებს სულ. რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ნიჭიერებაც არის. სხვათაშორის ბევრი ნაწარმოები მართალია? ტყუილიაო არ ვიტყვით, ფანტაზიას დავარქმევთ. ამრიგად, ბავშვსაც უნდა დავუფასოთ ეს და ფანტაზიად მივიღოთ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები რის გამო, რას ამბობს ბავშვი და ის მიზეზი თუ მოუხსენი, მაშინ უბრალოდ იფანტაზიორებს. ეს არა მარტო უმცროს ასაკში, მერე როცა იზრდებიან, მაშინ სჭირდებათ ხოლმე ტყუილები. აი, მერე გადაიქცევა ფანტაზია ტყუილებად, თუ თავში ვასწავლეთ. ჩვენი ბავშვობა ჩვენი ფესვებია, ბავშვობა არ არის ისტორია, რომ ვიქავი იქ, დაიხურა ის წიგნი და ახლა სხვა ვარ. როგორი ბავშვობაც გვქონდა, ის ფესვები გვავითარებენ ჩვენ. დედის მთავარი საზრუნავია, რომ ეს ფესვები იყოს ზნეობრივად ჯანსაღი, მიმართოს სიკეთისკენ და ალვის ხე გაიზრდება, რუსთაველი რომ შენატროდა ისეთი ალვის ხე.''

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად