შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა - რა უნდა ვიცოდეთ და რით შეიძლება მასთან გამკლავება?
COVID-19-თან დაკავშირებული ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა - რა უნდა ვიცოდეთ და რით შეიძლება მასთან გამკლავება? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის რჩევებს:
„რეკომენდაციები:
1. დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში საპნით და თბილი წყლით (არა ცხელი წყლით) - წყლის ტემპერატურა < 38C (Lukewarm Water) - გახსოვდეთ ხელების დაბანა ერთ-ერთი ეფექტური პრევენციაა დაინფიცირებისგან თავის დასცავად;
2. გაიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით ისე, რომ ხელებზე დარჩეს ტენიანობა, ანუ „ძალიან არ გაიმშრალოთ“ (Leave some water on them);
3. წაისვით ბარდას ზომის (pea-sized amount) ხელის დამატენიანებელი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) წყალთან შეხების შემდეგ ისე, რომ დატენიანებულ იქნას თითის წვერებიც და ფრჩხილებიც.
რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის დამატენიანებლები:
ა. რომელიც შეიცავს მინერალურ ზეთს (mineral oil) ან ვაზელინს (petroleum jelly),
ბ. გამოდის ტუბის სახით, ვიდრე ტუმბო-ბოთლის სახით,
გ. არის პარფიუმის გარეშე (fragrance-free) და საღებავის, მღებავი ნივთიერების გარეშე (dye-free) - უსუნო!!
დ. ან შეიცავს შარდოვანას (Urea) და ცერამიდს (Ceramide)
4. როდესაც იყენებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) როგორც კი სადეზინფექციო ხსნარი შეშრება. (რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ხელის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს იმისათვის, რომ მოკლას მიკრობი, ამიტომ ის ძალიან აშრობს კანს);
5. უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს, ან ეფექტურს - არ მოტყუვდეთ;
6. მიკრობების ათვისების რისკი იზრდება მშრალი კანის შემთხვევაში, ამიტომ ხელების დაბანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების დატენიანება,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.