შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„როგორც ექცევი მშობელს, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს მის მიმართ, ზუსტად ისე გექცევა მერე შენი შვილი,“ - მამა საბა ჭიკაიძე
დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მშობლების პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლის კურთხევა ადამიანისთვის ღმერთის კურთხევის მსგავსია:
„ძველი აღთქმა გავიხსენოთ, როგორ იქცეოდნენ ჩვენი მამამთავრები, როგორი პატივისცემა ჰქონდათ მათ მშობლის. მშობელს, როგორც უფალს, ისე ექცეოდნენ და ისე უყურებდნენ, საოცარი კრძალვა და მოწიწება ჰქონდათ მათ მიმართ. მშობლის კურთხევა პირდაპირ ღმერთის კურთხევაა. ეს მინდა, რომ იცოდეს ყველამ. როდესაც ახალგაზრდები მოდიან ხოლმე ჩემთან, ერთმანეთი უყვართ, დაოჯახება უნდათ, ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რასაც ვეკითხები ხოლმე არის, მშობლები რას ფიქრობენ მათ ამბავზე. შენ თუ გინდა, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობელი როგორ უყურებს ამ ურთიერთობას. რატომ უნდა იყოს მშობელი წინააღმდეგი? ე.ი. რაღაც ისეთს ხედავს, რაც შენ შეიძლება გამოგეპაროს მხედველობიდან. მას მეტი გამოცდილება აქვს. ყველაზე მეტი კეთილისმყოფელი ვინ არის შენი? მშობელი არ არის?!“
მამა საბა ჭიკაიძის თქმით, თუ ადამიანს სურს შვილებისგან პატივისცემა და სიყვარული მიიღოს, მან მათ შესაბამისი მაგალითი უნდა მისცეს:
„როგორ შეიძლება შენ მშობლის აზრი არ გაითვალისწინო? მშობლის პატივისცემა უაღრესად მნიშვნელოვანია. მცნებაში გვიწერია პირდაპირ, თუ გინდა დღეგრძელი და ბედნიერი იყო ამქვეყანაზე, მშობელს პატივი ეციო. მინდა შევახსენო ყველას, ცოდვას ბუმერანგის პრინციპი ახასიათებს. რასაც დასთეს, იმას იმკი აუცილებლად.თუ გინდათ, რომ თქვენი შვილებისგან პატივისცემა და სწორი დამოკიდებულება მიიღოთ, თვითონ დათესეთ უპირველეს ყოვლისა ეს სიყვარული და პატივისცემა თქვენი მშობლების მიმართ.“
„როგორც ექცევი ადამიანი მშობელს, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს მშობლის მიმართ, ზუსტად ისე გექცევა მერე შენი შვილი. როგორც ორჯერ ორი არის ოთხი, ზუსტად ასე მუშაობს ეს პრინციპი. ამიტომაც ამბობს უფალი, შენ ხომ გინდა, რომ იყო ბედნიერი და დღეგრძელი, პატივი ეცი მშობელსო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლის პატივისცემა გვქონდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მამა საბა ჭიკაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.