შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„არასდროს აიძულოთ უფროსი ბავშვი პასუხისმგებლობა აიღოს უმცროსზე და მშობლის მოვალეობები შეითავსოს,“ - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს
პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ უფროსთან ქცევის წესებს აცნობს. პედიატრი მშობლებს ურჩევს დრო და ყურადღება ორივე შვილს თანაბრად გადაუნაწილონ:
ოჯახში უმცროსი ბავშვის გაჩენა გარკვეული ტიპის პრობლემებს ქმნის. უფროსი ბავშვი ეჭვიანობს, აგრესიულია, უმცროს დედმამიშვილს ახალი სათამაშოსგან ვერ განასხვავებს. მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ, დრო არასდროს ჰყოფნით. ზოგჯერ უფროს და უმცროს შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, ზოგჯერ კი - მცირე. ყველა ოჯახში განსხვავებული სახის პრობლემები გვხვდება. მიუხედავად ამისა, არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტიანია.
როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვია მშობლებს მათთვის მეტი დროის გამოყოფა ესაჭიროებათ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად შეამციროთ. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევები: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მზა საკვები და ა.შ.
უფროს შვილს უმცროსზე ხშირად ესაუბრეთ. მას ყველაფერი კარგად აუხსენით. ბავშვს ხშირად წაუკითხეთ ზღაპრები და-ძმებზე, დედმამიშვილებზე.
არ შეიძლება პატარას საჩუქარი მოუტანოთ, უფროსისთვის კი სათამაშოს ყიდვა დაგავიწყდეთ. სჯობს სახლში ცარიელი ხელებით მოხვიდეთ, ვიდრე საჩუქარი მხოლოდ ერთ ბავშვს მოუტანოთ. ან ოჯახში ყველა ბავშვს უნდა უყიდოთ სათამაშო, ან არცერთს.
არ შეიძლება პატარას იავნანა უმღეროთ, უფროსს კი ძილის წინ ზღაპარი არ წაუკითხოთ. არ შეიძლება უმცროს ბავშვს ფოტოსესია მოუწყოთ, უფროსი კი უყურადღებოდ დატოვოთ.
უფროსი ბავშვის მცდელობა, რომ პატარას მოვლაში დაგეხმაროთ, აუცილებლად წაახალისეთ. ისეთი ვითარება თავადაც ხშირად შექმენით, როდესაც მისი დახმარება დაგჭირდებათ. უფროსი შვილი ამ დროს აუცილებლად შეაქეთ!
არასდროს აიძულოთ უფროსი ბავშვი პასუხისმგებლობა აიღოს უმცროსზე და მშობლის მოვალეობები შეითავსოს. რამდენიმე წუთითაც არ დატოვოთ ბავშვები მარტო, თუ უფროსს ჯერ 12 წელი არ შესრულებია. მაშინაც კი, როდესაც უფროსი ბავშვი 15 წლისაა, უმცროსთან მხოლოდ თავისი ინიციატივით უნდა დარჩეს და არა მშობლის მოთხოვნით ან თხოვნით.