შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ბავშვს შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ ტრავმა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ იმ ტრავმების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მშობლები შვილებს აყენებენ. მისი თქმით, ბავშვს ტრავმა შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ:
„ფსიქოსომატიკაში არსებობს თეორიები, რომ არის პროგრამირების ფაზა, რომელიც იწყება ჩასახვამდე ერთი წლით ადრე. ხდება გარკვეული პატერნების ჩატვირთვა ბავშვში. ტრავმა ისეთი რამეა, რომ შეიძლება ერთი დაყვირებით მივაყენოთ ბავშვს. თუ ფსიქიკურ დონეზე ვერ მოხდა მისი გადამუშავება, გაიტყორცნება სხეულში. სხეული ხდება მერე სამიზნე და ხშირად ეს არაადეკვატურ ქცევაში გადადის.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი ვერ აცნობიერებს მატრავმირებელ გამოცდილებას, რის გამოც არაადეკვატურად იქცევა:
„ბავშვი ვერ მოყვება, ვერ აცნობიერებს ამ მატრავმირებელ გამოცდილებას. მას ამის გამოხატვა ვერბალურად არ შეუძლია. ის ამას მხოლოდ არაადეკვატური ქცევით, შიშებით გამოხატავს. სწორედ წარმოსახვა, ფანტაზია, თამაში არის საოცარი თერაპიული საშუალება, რომელიც დიდთანაც ძალიან კარგად მუშაობს.“
„ერთ მაგალითს მოგიყვანთ. იყო ერთ-ერტი ჟურნალისტი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: როდესაც გადაცემა მიმყავს, შევამჩნიე, რომ ჩემს რესპოდენტს თვალებში ვერ ვუყურებო. ეს მან გადაცემების ნახვის მერე დააფიქსირა. თერაპიის დროს ამოტივტივდა, რომ მისთვის ავტორიტეტმა ადამიანმა ერთხელ უხეშად უთხრა, ძალიან უტიფარი თვალები გაქვს და ადამიანს თვალებში ნუ უყურებ, უნდა დახარო თვალებიო. ეს არ ახსოვდა ამ ადამიანს. როგორც კი მან ეს გააცნობიერა, ის სიმპტომი გაქრა. თურმე როგორი მატრავმირებელია, რასაც ბავშვს ვეუბნებით. ზოგიერთ ადამიანს ყვირილზე აქვს საშინელი რეაქცია და იქცევა არაადეკვატურად. იმიტომ, რომ ბავშვობაში უყვიროდნენ ან დაუყვირეს, ეს მან ვერ მოინელა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.