შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ბავშვის ქცევის პრობლემის მიღმა, შესაძლოა, სწავლის პრობლემები იმალებოდეს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში სასკოლო მზაობის პრობლემების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ენისა და მეტყველების დარღვევების დროული გამოვლენის მნიშვნელობას:
„სკოლებში ბავშვებს ხშირად უჭირთ ხოლმე წერა-კითხვის ათვისება. დროული ჩარევის შემდეგ არანაირი პრობლემა არ არის ხოლმე. ეს არის გამოწვეული ენისა და მეტყველების დარღვევებით. ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის ასაკში ამ დარღვევების გამოვლენა. მერე სკოლაში რომ მიდის ბავშვი, მას უჭირს წერა-კითხვა. ამას წინათ ჩვენთან იყო მოსული რვა წლის ბავშვი, რომელიც ვერ კითხულობს და ვერ წერს, მარტო იმიტომ, რომ მეტყველების დარღვევა ჰქონდა თავის დროზე. თავის დროზე არ მიექცა ყურადღება. „რა მოხდა მერე? ბიჭია, გვიან დაიწყო ლაპარაკი.“ შესაბამისად მივედით ამ მდგომარეობამდე.“
თამარ გაგოშიძის თქმით, სკოლამდელი ასაკის ნეიროფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია:
„მე ვისაუბრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ნეიროფსიქოლოგია. ძალიან ხშირად ჩვენ მოგვმართავენ საბავშვო ბაღებიდან მასწავლებლები და დირექტორები. ჩვენგან მიაქვთ რეკომენდაციები და მშვენივრად ასრულებენ ამ რეკომენდაციებს. ეს რეკომენდაციები არის იმის შესახებ, თუ როგორ წავახალისოთ ბავშვი, თუ ის კარგად ვერ მეტყველებს ან ქცევა აქვს პრობლემური. როგორ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღშივე გავაკეთოთ ეს?! მინდა გითხრათ, რომ შემდგომში ეს პრობლემები თითქმის აღარ არის ხოლმე ბავშვების ძალიან დიდ პროცენტში, თუ ჩვენ ეს ექვს წლამდე აღმოვფხარით.“
„თუ პრობლემა მივუშვით, მერე არის ხოლმე სერიოზული სასკოლო პრობლემები. რაც შეეხება სასკოლო პერიოდს, აქ სკოლისადმი მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრობლემა ის არის, რომ ბავშვი შეიძლება კითხულობდეს კიდეც, წერდეს კიდეც, ყველაფერს აკეთებდეს, მაგრამ ემოციურად არ იყოს მზად. ეს არის სწავლის პრობლემები. სწავლის პრობლემით კი არ მოჰყავთ ბავშვი მშობლებს, არამედ ქცევის პრობლემით. „უზრდელი, უსაქციელო, კონფლიქტური,“ - აღმოჩნდება, რომ ამის უკან სწავლის პრობლემა იმალება. შესაბამისი დახმარება ცვლის ხოლმე ბავშვის ქცევას.“