შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
„სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ხდება ხოლმე წონის მატება. ძალიან ხშირად მომმართავენ, ამბობენ: „ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ,“ ჩემი პასუხი არის: „როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ ყველა ასაკს აქვს თავისი მატება და პრინციპები, თუ როგორ მივუდგეთ ამას. არის გარკვეული ასაკი, როდესაც კვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ წონა. გარკვეული ასაკის შემდგომ დგება მომენტი, როდესაც ფიზიკურ აქტივობას აქვს დიდი მნიშვნელობა.“
ლაშა უჩავას თქმით, ორგანიზმში მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურია 15-35 წლის ასაკში:
„15-დან 35 წლამდე მეტაბოლური პროცესი მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად. ჩვენ თვითონაც მეტად აქტიურები ვართ, ამიტომ ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, თუ ზედმეტ კილოკალორიებს არ ვიღებთ, არ არის საჭირო. ამის ბალანსს აკეთებს ჩვენი ორგანიზმი. 35 წლის ზემოთ 45 წლამდე აუცილებელია ჩაერთოს გარკვეული ფიზიკური აქტივობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ფიტნეს დარბაზებში უნდა ვიაროთ. უბრალოდ ფეხით სიარული, სეირნობა ძალიან დადებით ეფექტებს გვაძლევს. 45 წლის ზემოთ ფიზიკური დატვირთვა კიდევ მეტად უნდა გააქტიურდეს. ეს არამხოლოდ მეტაბოლურ პროცესებს ააქტიურებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის. იმისთვის, რომ არ განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიც არის ართროზები და ა.შ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“
„ქალბატონებმა დღის განმავლობაში უნდა მიიღონ დაახლოებით 1500-დან 2200 კილოკალორიამდე, მამაკაცებში ეს არის 1800-დან 2500 კილოკალორიამდე,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.