Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ოჯახში არ არის დადებითი, სიყვარულით დამუხტული ფონი, ბავშვები ავლენენ ძალიან თვალშისაცემ აგრესიას თანატოლების მიმართ,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვებში აგრესიისა და ძალადობისკენ მიდრეკილების პრობლემაზე საუბრობს და პრობლემის მოგვარებაში ოჯახის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„როდესაც ოჯახში არ არის დადებითი, სიყვარულით დამუხტული ფონი, ბავშვები ავლენენ ძალიან თვალშისაცემ აგრესიას თანატოლების მიმართ. ბულინგი თანამედროვე რეალობის სერიოზული პრობლემაა. ბავშვები, რომლებსაც ჩაგრავენ სკოლაში, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითდამკვიდრებას (თვითდამკვიდრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოზარდობის ეტაპზე), რომლებიც დაუცველად გრძნობენ თავს, დაჩაგრულები არიან. ასეთ ბავშვში შეიძლება აგრესია აკუმულირდეს. ზრდასრულობაში მან, შესაძლოა, აგრესია მიმართოს გარემოზე. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ძალიან ხშირად მომავალში თავად ხდებიან აგრესორები.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, ადამიანის თვითშეფასება ცვალებადია და მას სოციუმთან ურთიერთობა განსაზღვრავს:

„თვითშეფასება დინამიკური ფენომენია, ის ერთხელ და სამუდამოდ არ ყალიბდება. ჩვენ მუდმივად განვიცდით თვითშეფასებაში ცვლილებებს. რადგან ადამიანი სოციალური არსებაა, მისთვის სოციუმთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად სკოლაში სხვა ბავშვებს ჩაგრავენ ისინი, ვინც ოჯახიდან არიან დაჩაგრულები. თუ მშობელი იგებს, რომ ბავშვს ჩაგრავენ, პირველ რიგში, აუცილებელია დამრიგებელთან კომუნიკაცია. იყო დრო, როდესაც სკოლაში იყვნენ ფსიქოლოგები. სამწუხაროდ, დღეს ფსიქოლოგი მხოლოდ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზეა ორიენტირებული. თუმცა, არის სკოლები, სადაც ესმით ფსიქოლოგის მნიშვნელობა. მათ აჰყავთ ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრები, რომლებიც ახერხებენ, რომ ემოციურად გახსნან ბავშვები, შეისწავლონ ვითარება კლასში.“

„ფსიქოლოგიაში ფონი განსაზღვრავს ფიგურას. აგრესია თავისთავად თავდაცვის მექანიზმია. აგრესია რომ არ ჰქონდეს ცოცხალ არსებას, ვერ გადარჩებოდა. ფსიქოლოგიაში აგრესია არის შედეგობრივი, ის არასდროსაა ცარიელ ნიადაგზე აღმოცენებული. აგრესია უკმაყოფილებაზე, ფრუსტრაციაზე რეაქციაა. მაგ. ბავშვი კარგად სწავლობს, ცდილობს თავის დამკვიდრებას, მაგრამ იქ თვითდამკვიდრების გზაა აგრესია, ეს პრობლემაა. შეუძლებელია ბავშვთან შედეგის ქონა, თუ მშობლებთან და აღზრდის გარემოსთან არ ხდება მუშაობა. ბავშვი სახლში რომ ბრუნდება, ის ისევ დაიმუხტება იმ ემოციური ფონით და კვლავ იმავე განწყობით იმოქმედებს. ამიტომ აუცილებელია პედაგოგსა და მშობელს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, სკოლის ფსიქოლოგის ფუნქციის გაძლიერება, რომ შემდგომში არ მივიღოთ შედეგები, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სავალალოა,“ - აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად