Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მუქარა ეს არის ძალადობა ბავშვზე, შესაბამისად ამის გაკეთება არის მიუღებელი,“ - ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე

​ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე ბავშვის მიმართ მუქარის გამოყენების მიუღებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მუქარა არასდროს ამართლებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდად ჭამდა, არასდროს ვემუქრებოდი. მე უბრალოდ ვთავაზობდი სხვა რამეებს, სახალისო საკვებს. შეგვიძლია ვიყოთ უფრო კრეატიულები, გავაფორმოთ საკვები. ყველაზე ცუდია, როდესაც დასჯის მსგავს მეთოდს მივმართავთ, რომელიც არ ამართლებს. ბავშვი არაფერზე აღარ რეაგირებს. ერთხელ დაემუქრეთ, მეორედ, მესამედ და რომ არ ასრულდა მუქარა, მას აღარ სჯერა.“

ნათია კუჭუხიძის თქმით, მუქარა ძალადობაა და მისი გამოყენება დაუშვებელია:

„ბავშვი განცდებით ოპერირებს. მან ზუსტად იცის, როდის რას განიცდის მშობელი. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ, რომ ​მუქარა ეს არის ძალადობა ბავშვზე, შესაბამისად ამის გაკეთება არის მიუღებელი. ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი ემოციების მართვას, არის ჩვენი პრობლემა, ბავშვის პრობლემა არ არის. ნებისმიერი სახის მუქარა არის ძალადობა. რა ასაკისაც უნდა იყოს, ბავშვს უნდა შევთავაზოთ არჩევანი. ჩემი შვილი ჭამდა მარტო ორ წვნიანს, ბორშს და გუფთას. ეს იყო დიდი შრომის შედეგად მიღწეული.“

ნათია კუჭუხიძე აღნიშნავს, რომ ბავშვთან ურთიერთობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის ასაკს:

„პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. ​ორ წლამდე ასაკის ბავშვი სხვაგვარად აღიქვამს გარემოს, ორიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი - აბსოლუტურად სხვაგვარად. თერთმეტი წლიდან ბავშვები ისევე აღიქვამენ გარემოს, როგორც ჩვენ. მუქარა ნებისმიერ ასაკში ძალიან მაღალი რისკის შემცველია, განსაკუთრებით მცირეწლოვანებთან. ბავშვი ფიქრობს, რომ მისთვის სამყარო არ არის უსაფრთხო, სანდო. ის ფიქრობს: „საკმარისია მე ცოტა გავჯიუტდე ან გავბრაზდე და ჩემზე უარს იტყვიან.“ ვერ ვიტყვი, რომ ეს ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვება. ადამიანების ფსიქიკა განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენიც ვართ, იმდენი განსხვავებული ფსიქიკაა. რისკ-ფაქტორებია ჩვენი მოწყვლადობა, გენეტიკური განპირობებულობა, გარემო, რომელშიც ვიზრდებით. რამდენადაც მხარდამჭერია ოჯახი ჩემი, რამდენადაც მისაღებია მათთვის ჩემი გაბრაზება, იმდენად დაცული ვარ. როდესაც გველოდებიან, როდის დავასრულებთ ჩვენს ტრაგედიას, ე.ი. მათთვის ეს მისაღებია.“

„ბავშვი თვითონ ისწავლის მუქარას, ის ისევე იოპერირებს, როგორც ოპერირებდნენ მასთან მშობლები, პედაგოგები. ეს ასე არ ხდება ყოველთვის. დამცავი ფაქტორებიც ბევრია. ყოველთვის არსებობს ოჯახში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ესმის ჩვენი. ის გვახალისებს, გვეუნება: „არაუშავს, დედა გაბრაზებულია." პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყოს ძალიან დესტრუქციული ოჯახი, იყოს ბევრი რისკ-ფაქტორი ბავშვისთვის, მაგრამ თუ ​პედაგოგი მხარდამჭერი ადამიანია, მას შეუძლია გააძლიეროს ბავშვი. შეურაცხყოფა არის ძალადობა, ღირსების შემლახველი მიმართვა არის ძალადობა. ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება იწვევს უკუქმედებას. ჩემთვის ქალბატონებს ხშირად უთქვამთ: „იცით მე დედა როგორ მცემდა? მე ისე არ ვცემ.“ მთავარია ღირსება არ შევულახოთ ბავშვებს. მოვექცეთ პატივისცემით,“ - აღნიშნავს ნათია კუჭუხიძე.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად