Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მშობელი ნაცვლად იმისა, რომ ბავშვის ემოციის დატევა მოახერხოს, იწყებს მის შერცხვენას,“ - ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა

ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვებში სტრესის გამოვლენის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ პატარებს სტრესთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირთ და მშობლებისგან მხარდაჭერას საჭიროებენ. მაია ცირამუას თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის შერცხვენა მიუღებელია:

„ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა. არ არის საჭირო კრიტიკა. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვს ეშინია, მშობელი, ნაცვლად იმისა, რომ მისი ემოციის დატევა მოახერხოს და იყოს მისი მხარდამჭერი, იწყებს ბავშვის შერცხვენას. ის შვილს ეუბნება: „რისი გეშინია? შენ ხომ უკვე დიდი ხარ, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ!“ ეს არის ბავშვის ემოციური საჭიროებების უგულებელყოფა.

მაია ცირამუა აცხადებს, რომ სტრესი ბავშვებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და კოგნიტურ უნარებზეც. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რომელიც ბავშვს ამ დროს აწუხებს, ძილის დარღვევაა:

„ბავშვს ერღვევა ძილი. ძილის დარღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერი. რომლითაც ბავშვი გვაძლევს სიგნალს, რომ მისი ემოციური ცხოვრება აღარ არის ისეთი სტაბილური. სტრესის დროს კოგნიტური ფუნქციონირების გარკვეულწილად შეზღუდვა ხდება. აქ არის კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დასწავლის უნარის დაქვეითება, რაც, საბოლოო ჯამში, ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება ხოლმე.“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ დროს, როგორ ამოიცნოს ნიშნები და შემდეგ ამ ნიშნებზე რა რეაქცია ჰქონდეს,“ - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად