Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე,“ - გიორგი ღოღობერიძე

„თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გრიპის, გაციებისა და კოვიდის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხველისა და ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გავიკეთოთ კოვიდ-19-ის ტესტი:

„ყველა შემთხვევაში, როდესაც იქნება ​დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ხველის თუ ტემპერატურის სახით, დაუყოვნებლივ გავიკეთოთ ტესტი. ზოგჯერ ადამიანი იტარებს ტესტირებას, ჰგონია, რომ კოვიდი აქვს, მაგრამ კოვიდი არ უდგინდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შეიძლება უბრალოდ გაციებულია ადამიანი და ჰგონია, რომ კოვიდი აქვს. გაციება ცნობილია, როგორც მწვავე ვირუსული ნაზოფარინგიტი. ეს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ეძახიან თავის გაციებას. მას აქვს ოთხი ძალიან ტიპური ნიშანი: ცემინება, კუნთების ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი. ცემინება სავიზიტო ბარათია გაციებისა. ჩვენ ნაკლებად გვხვდება ცემინება გრიპის დროს და კიდევ უფრო ნაკლებად კოვიდის დროს. თუ ვიღაც აცემინებს, დიდი ალბათობით, ის გაციებულია.“

გიორგი ღოღობერიძემ გაციებისთვის იშვიათად დამახასიათებელი ნიშნებიც დაასახელა:

​იშვიათი ნიშნებია გაციების: თავის ტკივილი, მშრალი ხველა, ტემპერატურა იშვიათად იმატებს, ყურებში ზეწოლა, გემოს და სუნის დაკარგვა ნაკლებად ახასიათებს გაციებას. რაც სულ არ გვხვდება გაციების დროს, ეს არის: ქოშინი, ანუ სუნთქვის გაძნელება და ფაღარათი. თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე ან გრიპზე. გრიპი გაციებისგან განსხვავებით ბევრად აგრესიულია. უეცრად დაარტყამს ადამიანს და მაშინვე მაღალი ტემპერატურით დაიწყება. გრიპს ახასიათებს მთელი სხეულის ტკივილი, დაღლილობის ძალიან მძიმე განცდა აქვს, მშრალი ხველა და თავის ტკივილი.“

„გაციების შემთხვევაში მართვა არის ძალიან მარტივი. როგორც კი ჩვენ გვექნება კონტაქტი ვინმე გაციებულთან, პირველი რასაც ვაკეთებთ, ხელს ვიბანთ. გაციებული ადამიანი სულ ცხვირზე იკიდებს ხელს, რომ სურდო აქვს. ჩვენ ხელს რომ ვართმევთ, სულ სახეზე ვიკიდებთ ხელს. თუ ადამიანს აქვს ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობა, შეუძლია გამოიყენოს იბუპროფენი. ​რაც კარგად მუშაობს გაციების დროს, ეს არის თუთია. თუთიის მიღება უნდა მოხდეს, როგორც კი ადამიანს გაციების ნიშნები ექნება პირველ 24 საათში. დოზა უნდა იყოს 50-დან 75 მილიგრამამდე. C ვიტამინი ცოტათი ასუსტებს გაციების ნიშნებს, მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. გრიპის დროს არ შეიძლება ასპირინის გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია ღვიძლის დაზიანების რისკი,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად