Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამ პროცესს ვერ შევამსუბუქებთ ვერაფრით, მანამ სანამ მშობლები კამათობენ, ერთმანეთს ებრძვიან და აქვთ კონფლიქტი'' - როგორ დავაძლევინოთ ბავშვს მშობლების დაშორების სტრესი

,,ამ პროცესს ვერ შევამსუბუქებთ ვერაფრით, მანამ სანამ მშობლები კამათობენ, ერთმანეთს ებრძვიან და აქვთ კონფლიქტი'' - როგორ დავაძლევინოთ ბავშვს მშობლების დაშორების სტრესი

ბავშვებისთვის მშობლების დაშორება სტრესულია. როგორ უნდა აუხსნან შვილს, რომ ისინი შორდებიან და რა უნდა გააკეთონ, რათა მდგომარეობა შეუმსუბუქონ? - ამ თემაზე, ​MomsEdu.ge-ის ესაუბრა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.

- როდესაც მშობლები შორდებიან, რამდენად რთული გადასატანია ეს ბავშვებისთვის?

- განქორწინება სტრესულია მთელი ოჯახისთვის, მშობლების ემოციური მდგომარეობა კი აუცილებლად ახდენს გავლენას ბავშვებზე. ძირითად შემთხვევებში ისინი კარგავენ ყოველდღიურ კონტაქტს ერთ მშობელთან, ხშირად მამებთან, შედეგად კი ნაკლებ კავშირს, სიახლოვეს გრძნობენ მათთან. დედებისთვის რუტინა და შვილთან ურთიერთობა უფრო სტრესული ხდება ხოლმე. განქორწინების შემდეგ იცვლება საცხოვრებელი ადგილი, ყოველდღიურობა, რაც ასევე სტრესულია. ასეთ დროს, პატარები დაბნეულები და იმედგაცრუებულები არიან. განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ გაგება თუ რატომ აღარ ცხოვრობენ ერთად დედა და მამა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მშობლებს შეუძლიათ შეამცირონ და მინიმუმამდე დაიყვანონ განქორწინების შემდგომი სტრესი და ნეგატიური ემოციური მდგომარეობა ბავშვებში. 
 
- როგორ მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია?

- მშობლებმა ბავშვებს ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ძალიან მარტივი ენით. რა თქმა უნდა, მზად უნდა იყვნენ კითხვებისთვისაც. მნიშვნელოვანია გულახდილობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედმეტად ბევრ დეტალზე ისაუბრონ და დაშოდების მიზეზები საფუძვლიანად განიხილონ.

რა ინფორმაციას აწვდის მშობელი შვილს, ეს დამოკდებულია ბავშვის ასაკზე და იმ კითხვებზე, რასაც ბავშვი სვამს, ამ საკითხზე საუბრისას. ნებისმიერ შემთხვევაში პასუხები უნდა იყოს ძალიან მარტივი და მსუბუქად ნათქვამი. პატარებმა უნდა მოისმინონ, რომ მშობლებს ისინი ძალიან უყვართ და უწინდელივით გააგრძელებენ მათ სიყვარულს და ზრუნვას. ასევე უნდა დაანახონ, აგრძნობინონ, რომ მათი მშობლები მეგობრები არიან, პატივს სცემენ ერთმანეთს და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ბავშვებს ხშირად უჭირთ ამ ყველაფრის გააზრება, გრძნობების გამოხტვა. მშობლები უნდა დაეხმარონ მათ იმ გრძნობების გამოხატვაში, რაც ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ უჩნდებათ, მოუსმინონ შვილებს და უპასუხონ მათ კითხვებს.

- რაც არ უნდა ხშირი კონტაქტი ჰქონდეს ბავშვს ორივე მშობელთან, დაშორება მათთვის მაინც დიდი ტრავმაა, როგორ შევუმსუბუქოთ ეს პროცესი, რათა მათი ფსიქიკა არ დაზიანდეს?

- ორივე მშობელი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში. თუ ყოველდღიურად ნახვა ვერ ხერხდება აუცილებლად დაურეკონ შვილს, ყოველ დღე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის, ხშირად რამდენიმე დღე ისე გადის, რომ ის მშობელი, რომელიც ბავშვთან არ ცხოვრობს არ რეკავს და არ ელაპარაკება მას. ყოველდღიური კონტაქტი კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პროცესს ვერ შევამსუბუქებთ ვერაფრით, მანამ სანამ მშობლები კამათობენ, ერთმანეთს ებრძვიან და აქვთ კონფლიქტი. ეს ხშირად დაშორების შემდეგაც ხდება, რაც თავისთავად ნეგატიურად მოქმედებს. ძალიან გაუმარტივდება ბავშვს მშობლების განქორწინების გადატანა, თუ ნახავს რომ ისინი ერთმანეთს მხიარულად ესაუბრებიან. ნებისმიერი გაურკველობა თუ უთანხმოება უნდა განიხილონ ბავშვის გარეშე. როდესაც ერთი მშობელი, მეორე მშობელზე საუბრობს ბავშვის თანდასწრებით, ის უნდა მოიხსენიოს მხოლოდ დადებითად.

- ზოგადად, რას ურჩევდით მშობლებს, ასეთ ვითარებაში?

- მშობლებს ვურჩევ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნონ. პირველ რიგში, დაეხმარონ საკუთარ თავს ამ რთული პროცესის გადატანაში, მხოლოდ ასე შეძლებენ ბავშვების დახმარებას.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად