Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაცემული ბავშვის წამოყენების დროს შეიძლება ამოვარდნილობა განვითარდეს, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს,“ - ირინა წირქვაძე

„დაცემული ბავშვის წამოყენების დროს შეიძლება ამოვარდნილობა განვითარდეს, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს,“ - ირინა წირქვაძე

გადაუდებელი დახმარების ექიმმა ირინა წირქვაძემ სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული ტრავმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებში ხშირია ამოვარდნილობები და მოტეხილობები, რომლებიც სპორტულ აქტივობას უკავშირდება:

„ბავშვებში სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული ტრავმების დროს უფრო ხშირია ამოვარდნილობა, მოტეხილობა, ​შედარებით ნაკლებია თავის ტრავმა,განსაკუთრებით, თუ დაცულია ბავშვი ჩაფხუტით. თუმცა ცნობილია, რომ ჩაფხუტი 100 %-ით არ იცავს თავს დაზიანებისგან, მაგრამ თუ მიიღო დაზიანება ბავშვმა, ნაკლებად საშიშია. ვეცადოთ, პანიკაში არ ჩავვარდეთ. ეს რთული გასაკეთებელია, მაგრამ ბავშვები სტრესში ვარდებიან, როდესაც ოჯახის წევრები იწყებენ ყვირილს.სტრესული გარემო ხშირად უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს ხოლმე, ვიდრე თვითონ ტრავმა.“

ირინა წირქვაძემ მშობლებს მიწაზე დაცემული ტრავმირებული ბავშვის პირველადი დახმარების წესები გააცნო:

​როდესაც ბავშვი უკვე მიწაზეა გადმოვარდნილი, ვეცადოთ, რომ ძალიან არ ვამოძრაოთ. თუ შუა გზაზეა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გამო უნდა გადავიყვანოთ. ესეც ისე გავაკეთოთ, რომ სხეულის ცალკეული ნაწილები მნიშვნელოვნად არ მოძრაობდეს. მოტეხილობები ბავშვებში ცოტა განსხვავდება მოზრდილთა მოტეხილობებისგან. ის შეიძლება ისე არ გამოიყურებოდეს, როგორც მოზრდილებშია. ეს არ გამორიცხავს მოტეხილობის არსებობას. ზედმეტი მოძრაობით ჩვენ შეიძლება ეს მოტეხილობები უფრო გავაღრმავოთ. რა თქმა უნდა, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. ცივის დადება გარკვეულწილად ანალგეზიურ ეფექტს ატარებს. ბავშვს უფრო მეტი კომფორტი აქვს. თუ ეს მოტეხილობაა, ტკივილს ცივის დადება არ მოუხსნის.“

ირინა წირქვაძის თქმით, მცირე ასაკის ბავშვებში გავრცელებული ტრავმაა იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა:

„მცირე ასაკის ბავშვებში ხშირია იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა. ​დაცემული ბავშვის წამოყენების დროს შეიძლება ეს ამოვარდნილობა განვითარდეს. ეს იწვევს ძალიან ძლიერ ტკივილს და ჭირვეულობას. რა თქმა უნდა, არ უნდა ვეცადოთ ჩასმას ექიმის გარეშე. მით უფრო, თუ ბავშვი დაცემულია და ამის შემდეგ მოხდა ამოვარდნილობა. უნდა გამოირიცხოს მოტეხილობა.“

„გარეგანი სისხლდენის შეჩერების ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის გარეგანი ზეწოლა. ვიღებთ სუფთა საფენს. ათი წუთის განმავლობაში უწყვეტი ზეწოლა უნდა გაკეთდეს საკმაოდ ძლიერად თვითონ ჭრილობაზე. ​ათი წუთის განმავლობაში ეს ზეწოლა არ უნდა მოვხსნათ. ხშირად არის, რომ ვუყურებთ, გაჩერდა თუ არა. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს ათი წუთი მინიმუმ, იმიტომ, რომ უკვე შემადედებელი ფაქტორები იწყებს მუშაობას და სისხლდენა უნდა შეჩერდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა წირქვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრა.

წყარო: ​„თქვენი კლინიკა“

წაიკითხეთ სრულად