Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ოჯახური კონფლიქტები?

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ოჯახური კონფლიქტები?

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ოჯახური კონფლიქტები, აისახება თუ არა მათ მომავალზე მიღებული ტრავმა და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა ამის თავიდან ასაცილებლად? - ამ და სხვა საკითხებზე ​Moms​edu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე.

- როგორ აისახება მშობლების კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

- ბავშვისთვის მშობლები მთელი სამყაროა. თუ ის ხედავს მშობლებს შორის კონფლიქტს, პირველი ასოციაცია რაც უჩნდება, არის სამყაროს მიმართ უნდობლობა, რადგან აღარ არის უსაფრთხო. ამ ფაქტმა სხვადახვაგვარი გავლენა შეიძლება ჰპოვოს ბავშვის ფსიქიკაზე. ნებისმიერი მოვლენა მაშინ არის ფსიქიკისთვის ტრავმული, თუ მან სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მშობლების კონფლიქტის დროს კი სწორედ მხარდაჭერა აკლია ბავშვს, რადგან ორივე მშობელი თავის პროცესშია.

- რა განცდები ეუფლებათ პატარებს კონფლიქტის დროს?

- განცდა ბევრია:

  • შიში, გაურკვევლობა;
  • უსუსურობის შეგრძნება;
  • ცუდის მოლოდინი, რომ კონფლიქტი განმეორდება;
  • დაუცველობა და უიმედობა, რაც საგულისხმოა.

​ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს რომელიმე მშობელს და იყოს „დაჩაგრულის მხსნელი“. სწორედ აქ ირთვება მისი დესტრუქციული როლური მოკუთვნებულობა მთელი თავისი ემოციური სპექტრით (მსხვერპლი, მხანელი, აგრესორი - კარპლანის სამკუთხედი).
- შესაძლებელია თუ არა, მიღებული ტრავმა მომავალში ცუდად აისახოს ბავშვის ცხოვრებაზე?
- როგორც ვთქვი, ნებისმიერი მოვლენის დროს მთავარია მხარდაჭრა და განცდა, რომ მარტო არ ვარ. შესაბამისად, მიუხედავად ცუდი ფაქტისა, შემდგომ სწორი კომუნიკაციის გზით, შეგვიძლია სამომავლო ტრავმების თავიდან აცილება.
- ყველა ოჯახში ხდება კონფლიქტი, თუმცა როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ეს ბავშვისთვის ზიანის მომტანი არ გახდეს?
- უნდა მოვახდინოთ კონფლიქტის პრევენცია და თუ კონფლიქტურ სიტუაციას შეესწრო ბავშვი, ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ არასწორი კომუნიკაციის შედეგია და ის თავად არაფერ შუაშია, ან მივმართოთ ფსიქოლოგს. ბავშვებს აქვთ ასაკობრივი ეგოიზმი, რომლის „დამსახურებითაც“ ყველაფერი თავისი ბრალი ჰგონიათ, ეს ფაქტი კი ამძიმებს განცდებს. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად