Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორი წლის ბავშვი უნდა ცდილობდეს ორი სიტყვის გადაბმას და ორსიტყვიანი წინადადებების გამოყენებას,“ - მარიამ ხვადაგიანი

„ორი წლის ბავშვი უნდა ცდილობდეს ორი სიტყვის გადაბმას და ორსიტყვიანი წინადადებების გამოყენებას,“ - მარიამ ხვადაგიანი

​​ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვებში მეტყველების განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლამდე ასაკის ბავშვს გარკვეული სიტყვების მნიშვნელობა უკვე ესმის:

„ერთ წლამდე ბავშვს უკვე ესმის: „დედა.“ წლამდე ასაკის ბავშვს რომ ეკითხები: სად არის დედა? ის უყურებს დედას. შეიძლება ვერ ამბობდეს, მაგრამ დედას უყურებს. ბავშვს მისთვის მნიშვნელოვანი საგნების შესახებ ინფორმაციაზე უკვე წვდომა აქვს და მას მნიშვნელობას აძლევს. ერთი წლის ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული სიტყვები, თუმცა ეს არის ძალიან ინდივიდუალური.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, ბავშვს ზოგჯერ უჭირს ბგერების წარმოთქმა და მასთან ენისა და მეტყველების თერაპევტის მუშაობაა საჭირო:

​რაც შეეხება უშუალოდ მეტყველებას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბგერებს ვერ ამბობს ბავშვი, შესაძლოა, უჭირდეს არტიკულაცია. ამ შემთხვევაში ბავშვთან მუშაობენ ენისა და მეტყველების თერაპევტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გაიგოს მიმართული ენა. ხშირად მშობელს აწუხებს, რომ ბავშვი ვერ საუბრობს ორი წლის ასაკში. თუ ვეკითხებით: შეუძლია ბავშვს ინსტრუქციის შესრულება? აღმოჩნდება, რომ არ შეუძლია, იმიტომ, რომ ვერ იგებს შინაარს. განსაკუთრებით ორი წელი არის ძალიან მტკივნეული, როდესაც ვამბობთ, რომ ორი წლის ბავშვი უნდა ცდილობდეს ორი სიტყვის გადაბმას და ორსიტყვიანი წინადადებების გამოყენებას, მშობლები ხშირად ღელავენ, რომ მათი შვილი ამას არ ცდილობს. პირველ რიგში, ვაკვირდებით, რამდენად ესმის ბავშვს მიმართული მეტყველება, რამდენად ასრულებს ინსტრუქციებს, სახლში არსებული საგნების მნიშვნელობა რამდენად ესმის.“

​ორი წლის ბავშვი, თუ იგებს ნათქვამის შინაარსს და ინსტრუქციებს ასრულებს, მაგრამ ვერ საუბრობს, 2-3 თვე შეგვიძლია დაველოდოთ. თუ წარმოთქმის პრობლემაა, არის მარტივი სავარჯიშოები. ერთ-ერთი ვარჯიში არის სულის შებერვა, სანთლის ჩაქრობა. ვითომ მაიმუნები ვართ, დავიჭყანოთ მაიმუნებივით, ხან ტუჩები შევკრათ, ძალიან გავიღიმოთ. ზოგჯერ არის, რომ მშობელმაც გვიან დაიწყო საუბარი და ამიტომ ელოდებიან. ეს პირიქით ნიშანია, რომ მშობელს პრობლემა ჰქონდა და გენეტიკურად საფრთხე არსებობს, რის გამოც, ვცდილობთ ჩარევას,” - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად