Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ფაქტი, უფრო მეტი მომართვიანობაა, შედარებით უფრო მეტი ჰოსპიტალიზაციაა, უფრო მეტი სიმძიმე,“ - ივანე ჩხაიძე

„ეს არის ფაქტი, უფრო მეტი მომართვიანობაა, შედარებით უფრო მეტი ჰოსპიტალიზაციაა, უფრო მეტი სიმძიმე,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის ახალი შტამების აგრესიული მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მესამე ტალღის დროს კლინიკებს გაცილებით უფრო მძიმე ბავშვები მომართავდნენ:

„პირველად, როდესაც​ ბრიტანული შტამის შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია, ერთ-ერთი შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბრიტანული შტამი, შესაძლოა, უფრო იოლად ყოფილიყო გავრცელებული ახალგაზრდებსა და ბავშვებში, რაც მართლაც ასე მოხდა. საქართველოში ინფიცირებულთა 10 % არის ბავშვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. კლინიკური მიმდინარეობა, რაც კორონავირუსის მესამე ტალღის დროს ბავშვებში აღინიშნა, განსხვავებულია. გაცილებით უფრო მძიმე ბავშვები მომართავდნენ კლინიკებს. ეს მართლაც ახალი შტამის დამსახურებაა. ბრიტანული შტამი გამოირჩევა ჩინური ვარიანტისგან უფრო მეტი გადამდებლობით და მიმდინარეობის სიმძიმითაც.“

ივანე ჩხაიძის თქმით, საავადმყოფოში კოვიდის დიაგნოზის მქონე ყოველი სამი ბავშვიდან ერთს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ზედამხედველობა ესაჭიროებოდა:

„ეს არის ფაქტი. ​უფრო მეტი მომართვიანობაა, შედარებით უფრო მეტი ჰოსპიტალიზაციაა, უფრო მეტი სიმძიმე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა მიუთითებდა, რომ სამიდან ერთი ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, საჭიროებდა ინტენსიური თერაპიის პალატაში მეთვალყურეობას, რაც მიუთითებს ახალი შტამების აგრესიულ მიმდინარეობაზე ბავშვებში. საქართველოში კოვიდით ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია და მესამე ტალღის დროს არცერთი არ დაფიქსირებულა.“

„ფაიზერი იყო პიონერი. მან პირველმა ჩაატარა კვლევა 2200 ბავშვზე, რომელმაც აჩვენა 100 % -იანი ეფექტურობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის. ეს იყო 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ამ კვლევის კვალდაკვალ ამერიკის წამლის სააგენტომ, ხოლო შემდეგ ევროპის ანალოგიურმა სტრუქტურამ დასაშვებად მიიჩნია 12-15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხი ვაქცინაა, რომელიც ამ მიმართულებით განიხილება, როგორც პერსპექტიული: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა და სინოვაკი. სინოვაკი ჩინეთის მთავრობამ დასაშვებად მიიჩნია სამი წლის ასაკის ზემოთ ჯგუფში. ის გეგმა, რომელიც არსებობს ამ მხრივ, მიუთითებს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლებელია დასრულდეს ის კვლევები, რომლებიც ტარდება უფრო მცირე ასაკობრივ ჯგუფში და ექვსი თვის ასაკის ზემოთ რეკომენდებული იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,“ – აღნიშნულ საკითხებზე ​ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად