Baby Bag

​კინო სასკოლო რესურსისთვის - რჩევები მასწავლებლებს

​კინო სასკოლო რესურსისთვის - რჩევები მასწავლებლებს

მასწავლებლებს, უპირველესად კი სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გიზიარებთ ფილმებს, რომლებშიც არსებითადაა მოხაზული მოზარდების პრობლემატიკასა და მასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული საყოველთაო მნიშვნელობის მქონე თემების რეფლექსიები. ყველა დასახელებული კინოსურათის პროტაგონისტი ბავშვი ან მოზარდია, შესაბამისად, წინამდებარე ფილმები მასწავლებლებს, როგორც კლასგარეშე დავალებებისთვის გამოგვადგება, ასევე, საკუთრივ საგაკვეთილო პროცესში შეგვიძლია ამა თუ იმ ფილმიდან, განსახილველ თემასთან შესაბამისი მონაკვეთების ჩვენება. გამართული ორიენტირებისთვის ყველა მათგანს მცირე სინოფსისი წავუმძღვარე. ჩამონათვალი ქრონოლოგიური სიზუსტითაა დალაგებული. ამავდროულად, ყველა დასახელებული ფილმი ცალსახად მაღალმხატვრული ღირებულებისაა და თითოეული მათგანი, საკვლევ თემატიკას გამორჩეული შემოქმედებითი პასუხისმგებლობითა და აკადემიური ინტერესით მიემართება.

ჩარლი ჩაპლინი: The Kid - ბავშვი. 1921. ჩარლი ჩაპლინის თვითმყოფადი ენა, რომელიც კომედიის მხატვრული ხერხებით ჟონგლიორობს და მაყურებლის თვალსა და გულს უმცირესს დროში ატყვევებს, კომედიური სიმსუბუქის მიღმა, ამავდროულად უაღრესად პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია და მუდმივად რეფლექსირებს უმნიშვნელოვანეს სოციალურსა და კულტურულ პრობლემატიკაზე. ხსენებული ფილმი, ამერიკაში, დიდი დეპრესიის ჟამს უსახლკარო კაცისა და მიუსაფარი ბავშვის დრამატულ ურთიერთობაზე, სიყვარულის, ემპათიისა და ერთადობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მოგვითხრობს (კინემატოგრაფში ასახულ ბავშვ პერსონაჟებზე ნინი შველიძის შესანიშნავ ​ესეს გიზიარებთ). 

ჟან ვიგო: Zero for Conduct - ნული ყოფაქცევისათვის. 1933. კინოსურათი სკოლა-პანსიონის ტიპის დაწესებულებაზე მოგვითხრობს, რომელშიც უმკაცრესი, ავტორიტარული ტიპის დისციპლინა სუფევს. დაუმორჩილებლობის სურვილს ატანილი ბავშვები, გადაწყვეტენ მჩაგვრელ დღის წესრიგს აუჯანყდნენ და ამისთვის, სხვადასხვა ექსპრესიულ წინააღმდეგობის ხერხებს მიმართავენ. ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლამ, კონსერვატიულად განწყობილ გაბატონებულ კლასში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ვიტორიო დე სიკა: Bicycle Thieves - ველოსიპედის ქურდები. 1948. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოსიპედის ქურდები ხელოვნების ყველა მოყვარულისათვის აუცილებლად სანახავი ფილმია. ნამუშევარში პროტაგონისტებად იტალიელი მამა-შვილი გვევლინებიან, რომლებზეც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეპრესიის სიმძიმე, მთელი თავისი სისავსით აღბეჭდილა. ფილმი მრავალშრიანი დრამატურგიული წიაღსვლებით წარმოგვიდგება, ერთი მხრივ, კინოსურათი თვითგადარჩენის გზაზე წამოჭრილ მორალურ დილემებს აღწერს, მეორე მხრივ, ამგვარი მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, მამა-შვილის ამაღელვებელ და სამუდამოდ დასამახსოვრებელ ისტორიაზე მოგვითხრობს.

რობერტო როსელინი: Germany, Year Zero - გერმანია, ნულოვანი წელი. 1948. რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკასთან ერთად იტალიური ნეორეალიზმის სულისჩამდგმელია, იტალიელი რეჟისორები გამორჩეული ოსტატობით აღწერენ, ევროპაში, (უმეტესად იტალიაში), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოვარდნილ უკიდურეს ძნელბედობას, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და მომეტებულ კრიმინოგენურ სიტუაციას. ფილმის 'გერმანია, ნულოვანი წელი' სიუჟეტი გერმანიაში, 12 წლის ედმუნდის გარშემო ტრიალებს, სიდუხჭირეში ჩავარდნილი ოჯახის გამოსაკვებად ბიჭი ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს. ედმუნდის მძიმე ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მორალური დილემები, ბურუსით მოცული მომავალი, თანადროული გერმანული საზოგადოების კოლექტიური განწყობების შუქზე ვლინდება და ნათლად ჩანს, რომ ნაციზმის, უკიდურესი ბოროტების მემკვიდრეობისგან განთავისუფლება მსხვერპლად ახალი თაობის სიცოცხლეს მოითხოვს.

სატიაჯიტ რაი: Pather Panchali - გზის სიმღერა. 1955. 'გზის სიმღერა' დიდი ინდოელი რეჟისორის შესანიშნავი ტრილოგიის პირველი ფილმია. ტრილოგია, ინდოელ ბიჭ, აპუს შესახებ მოგვითხრობს. ხსენებული ფილმი, ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში აპუსა და მისი ოჯახის გარშემო ტრიალებს. კინოსურათში ნათლადაა აღწერილი ინდოეთის მძიმე ეკონომიკური ყოფა, გაუსაძლისი სიღარიბე და უპერსპექტივობა. ამგვარი მძიმე ვითარებისგან გადარჩენის ერთადერთ გზად, თანაგანცდა, ნების ოპტიმიზმი და ბავშვური, უშუალო სიხალასეა წარმოდგენილი. 'გზის სიმღერა' ვიზუალურად მომნუსხველი და ემოციურად ამაღელვებელი ისტორიაა პატარა ბიჭზე, რომელიც დიდ პრობლემებს შესჭიდებია.

ნიკოლას რეი: Rebel Without a Cause - მეამბოხე მიზეზის გარეშე. 1955. შესანიშნავი ფილმი მოზარდების წინააღმდეგობასა და დაბეტონებული კულტურისა თუ გაქვავებული ბურჟუაზიული ეთოსის დამთრგუნველი ბუნების შესახებ. ამასთან, ნამუშევარი კრიტიკულად რეფლექსირებს: მომეტებული მასკულინობისა და თინეიჯერებში მზა სააზროვნო თუ სამოქმედო კოდების შესახებ.

ფრანსუა ტრიუფო: The 400 Blows - 400 დარტყმა. 1959. „400 დარტყმა“ ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ფილმია, რომელიც მოზარდობის სირთულეებზე რეფლექსირებადი უმნიშვნელოვანესი კინოდოკუმენტია. ფილმი, მძაფრი ვიზუალური ექსპრესიულობით მოგვითხრობს მოზარდზე, რომელიც უყურადღებო მშობლებისა და ცივი, გახევებული გარემოს ფონზე, ნაადრევ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, მძიმე გარემოული ფაქტორების ნიადაგზე ტოვებს ოჯახს, გარბის სახლიდან, რაც კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასრულის მომასწავებელი ხდება.

მილოშ ფორმანი: Black Peter (Černý Petr) - შავი პიტერი. 1964. ისტორია პიტერზე, რომელიც საცხოვრებელ გარემოში ორმაგი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული; ერთი მხრივ, მას ავტორიტარული მისწრაფებების მქონე მამის ბორკილქვეშ ცხოვრება უწევს, მეორე მხრივ, შემოსაზღვრული ავტონომიურობის პირობებში ცდილობს თვითრეფლექსიას. ფინალურ სცენაში, პეტრეს, ეუბნება მამა, რომ სანამ მას არ ეცოდინება როგორ მოიქცეს, იქამდე იგი გადაწყვეტს მის ნაცვლად, ეს ფრაზა ტოტალიტარიზმის მანიფესტაციას, ცალკეულის ზოგადით, 'დიდი მამის' წესით განკარგვის სურვილს გამოხატავს.

კენ ლოუჩი: Kes - კესი. 1969. კენ ლოუჩის უხვსა და მნიშვნელოვან შემოქმედებაში „კესი“ ალბათ საუკეთესო ფილმია. ნარატივი მოზარდი ბიჭის გარშემო ვითარდება. რომელიც დროდადრო პერიფერიაში არსებულ სრულ უპერსპექტივობასა და ემოციურ გამოთიშულობაში გადაიზრდება. აპათიისაგან ერთადერთ ხსნად, ბიჭს შევარდენის გაწვრთნა ესახება. მოზარდისთვის ფრინველთან ურთიერთობა და ზრუნვა, სულგამყინავი გარმოსგან თვითდაღწევის გარდა, მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვის მატარებელია.

მიქელანჯელო ანტონიონი: Zabriskie Point - ზაბრისკი პოინტი. 1970. ფილმი მოსწავლეების არა, თუმცა სტუდენტების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1968 წლის სექსუალური რევოლუციისა და სტუდენტური ჯანყების შესახებ მნიშვნელოვანი კინოდოკუმენტია და ამ კონტექსტში ნამდვილად გამოდგება. გასათვალისწინებელია, რომ ფილმის შუაში დაახლოებით 10 წუთი საკმაოდ ღია სექსუალურ სცენებს ეთმობა, თუმცა, ვფიქრობ, მეათე კლასიდან ამ ფილმის ჩვენება პრობლემას არ წარმოადგენს. ამავდროულად ფილმი რეფლექსირებს ბუნებისა და კულტურის გახლეჩილობაზე, ბატონობის მიერ ინსტრუმენტალიზებულ პოლიციაზე, რომელიც ძალადობრივ, სადამსჯელო მანქანადაა გადაქცეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის დასასრული (რომელიც ნაწილობრივ გოდართანაცაა გადაძახილი), რომელშიც წინააღმდეგობის უწყვეტობის გამომხატველი, ამქვეყნიური უკეთურების სიმბოლური ნგრევის დასამახსოვრებელი მიზანსცენა თამაშდება.

პიტერ ბოგდანოვიჩი: The Last Picture Show - უკანასკნელი კინოსეანსი. 1971. 'უკანასკნელი კინოსეანსი' ამერიკელი თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების ამაღელვებელი კინორეფლექსიაა, ფილმი სიღრმისეულ დონეზე იკვლევს ჰუბერტატის პერიოდისთვის ნიშანდობლივ საკითხებსა და მის შიდაარსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე გარემოულ ფაქტორებს.

პიტერ ბოგდანოვიჩი: Mask – ნიღაბი. 1985. ფილმის ცენტრალური ფიგურა 16 წლის რონი დენისია. ბიჭს უიშვიათესი სასიკვდილო დაავადება სჭირს, რომელიც თავის ძვლების გაუჩერებელ ზრდასა და სახის ძვლების დეფორმაციას იწვევს. კარგი ფილმია, სწორ აქცენტებზე აგებული, ყოველგვარი უტრირებისა და ზედმეტი მოჩუქურთმებების გარეშეა ნაჩვენები; პროტაგონისტის, ოჯახის წევრებსა თუ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. აქცენტირებულია მშობლებისა და ოჯახის (ამ შემთხვევაში, დედა, ბაბუა, ბებია და დედის მეგობარი 'ბაიკერები') მნიშვნელობა - დაავადების თანმხვედრ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებისას.

ვიმ ვენდერსი: Alice in the Cities - ალისეა ქალაქებში. 1974. ჟურნალისტისა და მასთან შემთხვევით შემხვედრი ბავშვის მოგზაურობა, ფილმი, ყოველგვარი ზედმეტი ემოციური და ვიზუალური ხრიკების გარეშე, მინიმალისტური გამოსახვის ფორმებით გვიყვება ძალიან საინტერესო ამბავს, ჟურნალისტზე, ვისთვისაც უცხო ბავშვთან თანყოფნა და ურთიერთზრუნვა, თვითრეფლექსიის მნიშვნელოვან ფუნქციას კისრულობს და ალისეაზე, რომლისთვისაც უფროსი მეგობრის შეძენა ეგზისტენციალური მნიშვნელობის მატარებელია. დაბოლოს, ფილმი ეჭვქვეშ აყენებს ურთიერთობებზე 'ეიჯისტურ' მზერას, რის მიხედვითაც მეგობრობის დროს გარკვეული ასაკობრივი სხვაობა სოციალურ დევიაციად განიხილება.

ჯონ ჰიუზი The Breakfast Club - კლუბი საუზმე. 1985. ძალიან სახალისო ისტორია ხუთ განსხვავებულ, სკოლაში არასასწავლო საათებში დასჯილ მოზარდზე. კომედიური ელემენტებით ნაკვები კინოსურათი განსხვავებების მიღმა მყოფ მსგავსებებს აღწერს და მეგობრობისას ვიზუალური სხვაობების მეასეხარისხოვნებაზე მიუთითებს. ამავდროულად, ფილმი 80-იანი წლების ამერიკელ თინეიჯერებზე დაკვირვებისა და შესწავლის კარგი საშუალებაა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამავე ავტორის ნამუშევარი: Sixteen Candles.

რობ რაინერი Stand by Me - დარჩი ჩემთან. 1986. მოზარდების მეგობრობის შესახებ: ძალიან სასიამოვნო და ჩამთრევი სათავგადასავლო ფილმია. კინოსურათში, გარდაცვლილი მეგობრის საძებნელად პროტაგონისტთან ერთად ორი მეგობარი მიემართება. სტივენ კინგის ნოველაზე დაფუძნებული ამბავი ბავშვობის სირთულეებზე, მშობლებთან დაპირისპირებულობასა და ბავშვობაში განცდილი საფუძველმდებარე განცდების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

ლუი მალი: Au revoir les enfants - მშვიდობით ბავშვებო. 1987. კინონამუშევარი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ერთ-ერთ კათოლიკურ კოლეჯში ებრაელი და ფრანგი ბავშვის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მორალური დილემების, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ემპათიის მნიშვნელობაზე გადაღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოსურათია.

ტეო ანგელოპულოსი Landscape in the Mist - პეიზაჟი ნისლში. 1988. დიდებული ფილმი მოზარდი გოგონასა და მისი პატარა ძმის შესახებ. ემოციურად ძალიან მძიმე ელემენტების შემცველი კინოსურათი, რომელიც კინემატოგრაფიული ესთეტიკის მწვერვალზე იმყოფება და სოციალური მნიშვნელობის მხრივ, განუმეორებელი ნამუშევარია. „ერთგვარი ბავშვური ოდისეა, სადაც ბერძენი ავტორის პოეტური შესაძლებლობები ჰომეროსის შესაძლებლობებს უტოლდება“ (გიორგი ჯავახიშვილი). ძალიან ამაღელვებელია ობოლი და-ძმის ისტორია, რომლებიც დაკარგულ მამას ეძებენ, გზად კი უამრავ ხიფათს აწყდებიან. გარდა ბიოგრაფიული განზომილებისა, ამავდროულად, დაკარგული მამის ძიება ზედმიწევნით სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია.

ისაო ტაკაჰატა: Grave of the Fireflies - ციცინათელების სასაფლაო, 1988. ანიმე მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში მიმდინარე მძიმე სოციალურ ვითარებაზე მოგვითხრობს, სიუჟეტი ობლად დარჩენილი და-ძმის გარშემო ტრიალებს. ძალიან მძიმე ისტორიაა, რომელიც მუდმივად აქცენტირებს თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ამგვარი ძნელბედობის ჟამს.

პიტერ უირი: Dead Poets Society - მკვდარი პოეტების საზოგადოება. 1989. შეუძლებელია ფილმს 'მკვდარი პოეტების საზოგადოება' უყურო და სამუდამოდ არ დაგამახსოვრდეს ჯონ კიტინგი, პურიტანული კოლეჯის გამორჩეულად ქარიზმატული მასწავლებელი. სიუჟეტური ქარგა ბიჭებისთვის განკუთვნილ კონსერვატიული ტიპის სასწავლებელში მიმდინარეობს, რომელშიც ქცევისა და სწავლის სემანტიკა მკაცრად იერარქიულსა და ეჭვშეუვალ დოგმატიკაზე ფუძნდება. კიტინგი, მოსწავლეებს: დაბეტონებული, ინდოქტრინაციის ელფერგადაკრული განათლების მიცემის ნაცვლად, აქ და ახლა, შემოქმედებითი აზროვნებისა და ძირეული სურვილების ერთგულებისაკენ უბიძგებს. ლათინური აფორიზმი 'Carpe diem' ფილმის ლაიტმოტივია და კაპიტალისტურ, ავტომატიზებულ სიცოცხლეში 'თამაშის ხელოვნების' გადამრჩენელ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

რიჩარდ ლინქლეიტერი: Dazed and Confსused. 1993. საკმაოდ კარგი ფილმია, რომელიც 70-80იანი წლების ამერიკელ მაღალკლასელებზე მოგვითხრობს, ჰიპებსა და მსგავს თემატიკაზე მიმართულ გაკვეთილებში გამოსადეგი კინოსურათია.

რიჩარდ ლინქლეიტერი: Boyhood – ბავშვობა. 2014. ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა (ფილმს 12 წელი იღებდნენ და მსახიობიც მისსავე განსახიერებულ პერსონაჟთან ერთად იზრდებოდა) და პროტაგონისტთა ასაკობრივ ზრდას კინემატოგრაფზე ასახავდა. ფილმი ორგანულად იკვლევს თინეიჯერულ გამოწვევებსა და ბავშვების ცხოვრებაზე ემოციური თუ ფიზიკური ფაქტორების ცვალებადობის გარდამტეხ მნიშვნელობას.

ძმები დარდენები: Rosetta – როზეტა. 1999. სოციალური კინოს მნიშვნელოვანი ნიმუში 17 წლის მოზარდ გოგოზე, რომელიც მძიმე სოციალურ წნეხს სხვადასხვა გზებით ებრძვის. პროტაგონისტზე მუდმივად მიპყრობილი კამერა, მაყურებლებს ამაღელვებელი ისტორიის თანაზიარად გვამყოფებს.

ძმები დარდენები: The Kid with a Bike - ბიჭი ველოსიპედით. 2011. მოკლედ რომ ვთქვათ, ულამაზესი და ემოციურად დახუნძლული ფილმი, უსახლკარო მოზარდ ბიჭსა და მასზე მზრუნველი, უცნობი ზრდასრული ქალის შესახებ. მნიშვნელოვანი სოციალური ხაზგასმებით; მამისაგან მიტოვებული ბავშვისა და ქურდობის, როგორც ტოტალური უპერსპექტივობის ალტერნატივის შესახებ.

ჰაიაო მიაძაკი: Nausicaä of the Valley of the Wind - ნაუსიკა ქარების ველიდან. 1984. ძალიან კარგი, მაგიური ნამუშევარი, გლობალურ დათბობაზე, მის თანმდევ ეკოლოგიურ კატასტროფებსა და ცხოველებთან მის თანადროულ მოპყრობაზე. თანაც, ბავშვებისთვის მარტივი და სასიამოვნო საყურებელია.

ჰაიაო მიაძაკი: Princess Mononoke - პრინცესა მონონოკე. 1997. ფილმი მოხერხებული და სიღრმისეული მეტაფორაა - ბუნების უკიდეგანო დამორჩილებასა და მის თანხმლებ მანკიერ გამოცდილებებზე. ერთი მხრივ, რეჟისორი გვატყობინებს, რომ ბუნების რესურსების გამოყენება სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა, მეორე მხრივ კი, ბუნების აღრიცხვა–დამორჩილებისას მასთან ზომიერი მოპყრობის აუცილებლობაზე მიგვითითებს.

ჰაიაო მიაძაკი: Spirited Away. 2001. სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი, რომ კარგი ანიმე სრულყოფილი კინემატოგრაფიული ღირსების მატარებელია. ჰაიაო მიაძაკი კი ნამდვილი ოსტატი და ჟანრის ავანგარდში მყოფი ფიგურაა. ეს მართლაც ლეგენდარული ფილმი სიღრმისეულად იკვლევს ყოფიერების უმნიშვნელოვანესს შრეებს. კინოსურათში მომხმარებლობის, სამყაროსა და ბუნებასთან მიმართების საკითხები, ბავშვების თვალთახედვითა და მათთან ძირეულ მიმართებაშია განხილული.

გას ვან სენტი: Elephant – სპილო. 2003. გას ვან სენტის სპილო მნიშვნელოვანი ფილმია, სკოლებში ე.წ. 'შუთინგის' პრობლემის ანალიზისათვის (გას ვან სენტის სპილოზე იხილეთ ლევან აბდუშელიშვილის საინტერესო ​რეცენზია)

შონ ბეიკერი: The Florida Project - პროექტი ფლორიდა. 2017. საკმაოდ ძლიერი ფილმია ამერიკაში ჩაგრული სოციალური კლასისა და მის გარშემო მიმდინარე მძიმე სოციო-ეკონომიკური პერიპეტიების შესახებ. მოქმედება მცირეწლოვანი ბავშვების გარშემო ტრიალებს, მათი საკმაოდ მძიმე ყოველდღიურობა; გართობის, ნაყინის ბავშვური რიტუალურობით მირთმევისა და სხვა ვიზუალურად დასამახსოვრებელი დეტალების მეშვეობით მსუბუქდება. იაფფასიანი მოტელის გარშემო განვითარებული ისტორია სადა და უტყუარი სახითაა აღწერილი. 'პროექტი ფლორიდა' ბავშვების ოცნებებისა და მასთან დაპირისპირებული მტკივნეული რეალობის შესანიშნავი კინორეფლექსიაა. ბავშვების პერსპექტივით დანახული რეალობის ფონზე, ხელის გულზე იშლება ამერიკული სახელმწიფოსაგან მივიწყებული, მარგინალიზებული კლასი, რომელიც გადარჩენის ყოველწამიერ ჯაფაშია ჩართული. დასასრულიც სიმბოლური და ორაზროვანია, ერთი მხრივ, ეკლიანი რეალობისგან გაქცევა წრფელი მეგობრობის შუქზე ილანდება, მეორე მხრივ, გაქცევის ვექტორები დისნეილენდის, როგორც 'ამერიკული ოცნების' – იდეოლოგიური ხაფანგის გამომსახველ, ფაქტობრივი ძეგლისკენაა მიმართული.

და ბოლოს, მოსწავლეებთან საკომუნიკაციო ენის გაშუალება-გაბუნებრივებისთვის, ყველას გამოგვადგება ის ფილმები თუ სერიალები, რომლებსაც მოზარდები ხშირად უყურებენ. მაგ: Toy Story, Harry Potter, E.T. the Extra-Terrestri (თუმცა, ეს აღარც იმდენად). სერიალები: Stranger Things, Sex Education, The End of the F***ing World. ასევე, მარველისა და დისის კომიქსების კინოეკრანიზაციები. ხსენებული პოპულარული პროექტების ყურებით, გარდა მისი მაყურებელი ბავშვების ინტერესებისა და გემოვნების გაცნობისა, ამავდროულად ვეცნობით: იმ სააზროვნო და კულტურულ კოდებს, რომლებიც ახალი (მილენიალების შემდგომი თაობების) თაობის რაღაცაგვარ ფორმირებაში მონაწილეობენ. 

ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ჯარისკაცი განათლების სისტემაში“ - წარმატებული დირექტორის წარმატების ფორმულა

​„ჯარისკაცი განათლების სისტემაში“ - წარმატებული დირექტორის წარმატების ფორმულა

საუბარს საკუთარი ისტორიით იწყებს, იმ გზით, თუ როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე - გამხდარიყო სკოლის დირექტორი. მაშინ მტკიცედ სწამდა, რომ ცვლილებების მოხდენა შეეძლო. „დავინახე და ვიგრძენი, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დირექტორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმების მთავარი ღერძი ხომ სკოლაა“ - ეს სიტყვები დღეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ის ​საქართველოს ყველაზე წარმატებულ​ი სკოლის ყველაზე წარმატებულ დირექტორს, ლენა გომართელს ეკუთვნის.

პროფესიით მასწავლებელია, გერმანისტი, რომელსაც ეს პროფესია საკუთარმა გერმანულის მასწავლებელმა შეაყვარა და სწორედ მისი ხათრით გადაწყვიტა ამ სფეროს გაჰყოლოდა. შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური, უმაღლეს დაწესებულებებში, სკოლებში, რესურსცენტრში, თუმცა ჩვენი ამბავი იმ დღიდან იწყება, როდესაც ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ქალბატონმა 2014 წელს მტკიცედ გადაწყვიტა დირექტორობა და საჩხერის N2 საჯარო სკოლის კარები შეაღო.

„ვფიქრობ, რომ დირექტორობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ამ სფეროში ადამიანს შეუძლია ყველა მხრივ რეალიზება, საკუთარი უნარების, განათლების წარმოჩენა. სკოლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ლიდერები, საკუთარ თავში, პედაგოგებში და მოსწავლეებშიც. ეს სფერო მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები გავზარდო პროფესიულად და დავაყენო სწორ გზაზე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლება მოხდეს?!“ - ამბობს ლენა გომართელი და საკუთარ წარმატებებზე დაუზარელად გვიყვება.

მისი თქმით, სკოლა საუკეთესო ასპარეზია იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალო. მართალია, თავიდან ეს პროცესი ცოტათი რთული იყო, რადგან დირექტორობა კომპლექსურ ცოდნა მოითხოვს, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში გამოჩნდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ და ლიდერობის სამწლიანი აკადემია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც დირექტორის ჩამოყალიბებაში.

„აკადემიაში სწავლის დროს, მივიღე ძალიან დიდი ცოდნა მართვისა და ლიდერობის კუთხით. ამ პერიოდში, თუ კი, რამე პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, ეს სწორედ ამ აკადემიის, მისი ტრენერებისა და იმ ცოდნის დამსახურებაა, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდნენ იქ“ - ჰყვება წარმატებული დირექტორი და იმ გუნდის შექმნის პერიოდს იხსენებს, რომელმაც საქართველოს საუკეთესო სკოლა აჩუქა.

„სკოლის წარმატება გუნდზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სკოლაში და ან მის გარეთ ხორციელდება, დირექტორისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მე არ მიცდია, რომ გარედან მომეყვანა ახალი პედაგოგები, თუმცა კი, იყო კადრების ცვლილებაც, მაგრამ ეს მოხდა ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გუნდი, რომელიც დამხვდა სკოლაში, განმევითარებინა, მინდოდა, რომ მათი მონაწილეობით მიმეღწია წარმატებებისთვის და ეს ასეც მოხდა. მათი შესაძლებლობები შევისწავლე და ჩვენი სკოლის ყველა სამომავლო გეგმა ჩამოვაყალიბე მათ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. წარმატებული სკოლაც ამ პრინციპზე დგას - ყველა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ხოლო წარმატებული დირექტორი კი ამ პროცესს უზრუნველყოფს და ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებასა და განხორციელებაში“.

რა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, თუ რითია გამორჩეული საჩხერის N2 საჯარო სკოლა და რატომ მიიღო მან საქართველოში საუკეთესო სკოლის სტატუსი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ლენა გომართელი „მსოფლიო განათლების კონკურსს“ იხსენებს, სადაც ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, გამოეყოთ ხუთი მიმართულება, რომელიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდიდა.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა მე მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო გამეძლიერებინა უცხო ენების სწავლება და ჩვენ ახლა მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურას, სავარჯიშოებს, დავალებებს, რესურსებს. უცხო ენების მიმართ მსგავმა ყურადღებამ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, სხვა მიმართულებებიც გაგვეძლიერებინა და ამჯერად პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აღმოჩნდა. STEM-ის ფარგლებში ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი გრანტი მოვიპოვეთ და სკოლაში რობოტექნიკის კლუბიც კი დავაარსეთ. მესამე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება, რომელიც სკოლის ინოვაციაა. დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეები შვიდი მიმართულებით (მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები) ეუფლებიან პროფესიას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მათ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობელთა საჭიროებები ვიკვლიეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში „მშობელთა სკოლა“ დავაარსეთ. ამ სკოლაში ჩვენ მშობლებს ვუტარებდით ტრენინგებს, ვებინარებს, შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულს. ბოლო, მეხუთე მიმართულებად უნდა დავასახელო მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. მთავარი აქცენტი კეთდება იმ 17 მიზანზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჰქონდეს მსოფლიოს და რაც კი სკოლაში პროექტი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ მიზნებს იყოს მორგებული და მათი დანერგვისკენაა მიმართული“ - განმარტავს ლენა გომართელი.

სამომავლო მიზნებზე საუბრისას დირექტორი აქცენტს ისევ უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებაზე აკეთებს და გვეუბნება, რომ სწორედ ამ გზით აპირებს სკოლა განვითარებას. მას არც ახალბედა დირექტორები და ის ახალგაზრდები ავიწყდება, რომლებიც ამ პროფესიაში აპირებენ შემოსვლას და მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს:

„ჩვენ ჩვენი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, რომ სკოლა არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა, იყო წარმატებული, როგორც საშინაო, ისე, საგარეო ასპარეზზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს ძლიერი და სკოლის სიძლიერეს კი ის ახალგაზრდები განაპირობებენ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ამ სისტემაში. მათ არ უნდა შეეშინდეთ, კი, რთულია, ამხელა ადამიანური რესურსის მართვა, ამდენი საქმე, დამღლელია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ ახალგაზრდები სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის სწორ განვითარებას უწყობთ ხელს“.

ბოლოს, ჩვენი ისტორიის მთავარი შემოქმედი დასძენს, რომ ამ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, დიდი ენთუზიაზმიც ახლავს თან და ეს დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მასწავლებლობა ან დირექტორობა მოუნდება.

„ჩვენ ვიცით, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, თუმცა თუ შენ იქნები ყოჩაღი და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. მე არ მიყვარს წუწუნი, მით უმეტეს მუდმივად და სწორედ ამიტომ, არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რასაც ეს საქმიანობა მთავაზობს. ჩვენ ვმუშაობთ დაუზარელად, ვუმკლავდებით პრობლემებს და გვაქვს ბერკეტი, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, აი ესაა ჩვენი წარმატება“ - განმარტავს ლენა გომართელი.

უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს საუკეთესო სკოლის ტიტულს საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ხოლო წარმატებული დირექტორისას - ლენა გომართელი, ატარებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წარმატებულ დირექტორს წინ უფრო დიდი გზა ელოდება, დიდი გეგმებითა და მიზნებით, წარმატებული გზა - „განათლების სისტემის ჯარისკაცობამდე“. 
ავტორი: მარიამ გვარამია

წაიკითხეთ სრულად