მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„თუ საკუთარი მშობლები აღმოჩნდებიან ასეთი სასტიკები, უნდა მიხვიდე მასწავლებელთან, უნდა არსებობდეს ბევრი გზა,“ - გიორგი კეკელიძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველანი ინერციების მსხვერპლები ვართ. მისი თქმით, ტრადიციების უარეს ნაწილს დროთა განმავლობაში საზოგადოება გააძევებს, კარგს კი იტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ განათლების შეძენით მიიღწევა:
„ყველანი მეტ-ნაკლებად რაღაც ინერციების მსხვერპლები ვართ. საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ნორმები არსებობდა. ხშირ შემთხვევაში ეს ნორმები ხანგრძლივდებოდა გაუნათლებლობაში გაჯიუტებით. დრო, როდესაც მე ვიზრდებოდი სულ სხვა სტერეოტიპებს გულისხმობდა. მე მეგონა, რომ გოგოს მოტაცება იყო ჩვეულებრივი აქტი, რომელიც დაფუძნებული იყო კონკურენციას, ვინ უფრო სწრაფად მოიტაცებდა. გოგოც ამ ამბავს გარკვეულწილად ნორმად იღებდა. ზოგიერთ მოხუცს ჩემთვის უთქვამს შემდეგი ფრაზა: „მე მთლად ისეთი ლამაზიც არ ვიყავი, რომ მოვეტაცებინე.“ მოტაცება ღირსებად უფრო აღიქმებოდა ქალისთვის. ეს ის ნორმებია, რომელსაც საზოგადოება აანალიზებს, უკეთეს ნაწილს ტოვებს, უარესს, როგორც წესი გააძევებს ხოლმე, მაგრამ ამას ვერ გააძევებს ვერცერთ შემთხვევაში განათლების ქონის გარეშე.“
გიორგი კეკელიძე იმ გზებზე საუბრობს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოზარდებს დაიცავს:
„უნდა არსებობდეს ბევრი გზა. თუ საკუთარი მშობლები აღმოჩნდებიან ასეთი სასტიკები, უნდა მიხვიდე მასწავლებელთან, თუ მასწავლებელიც სასტიკი აღმოჩნდება, უნდა მიხვიდე სოციალურ მუშაკთან, თუ სოციალური მუშაკი სასტიკი აღმოჩნდება, უნდა მიხვიდე პოლიციასთან. რეალურად ეს გზებია, სხვა გზა არც არსებობს. არის კიდევ ერთი, მეხუთე გზა, რომ ჩვენ მივიდეთ მათთან, განსაკუთრებით სკოლებში და რეგიონების სკოლებში. რეგიონების სკოლები ჩვენი ყურადღების მიღმა ისეა დატოვებული, თითქოს არც არსებობს და გვახსენდება ასეთი ამბებით.“
გიორგი კეკელიძის თქმით, 14 წლის გოგონას უმძიმესი შემთხვევა არ ასახავს ქართული ოჯახების დიდ ნაწილში არსებულ ვითარებას:
„ეს კონკრეტული შემთხვევა სრულიად გამაოგნებელი იყო თავისი არსით. მე მგონია, რომ მაინც და მაინც ისეთ მაგალითად ვერ გამოდგება საბედნიეროდ, რომ თითქოს ყოველ ქართულ ოჯახში ასეთი მდგომარეობა იყოს და ყველა ქართველი მშობელი ასეთ დამოკიდებულებაში იყოს თავის შვილთან. ასე ნამდვილად არ არის. ასე სუპერ განზოგადებით ნუ ვისაუბრებთ. ეს პრობლემა არის, რასაკვირველია. ჩვენ ადამიანებს გვერდზე ვერ გავწევთ და ვერ ვეტყვით: „თქვენი თაობა ახლა უვარგისია სოციალური აქტივობისთვის და ცალკე კუნძულზე უნდა გაგიყვანოთ.“ აქაც უნდა ვილაპარაკოთ. ერთადერთი საგანმანათლებლო სივრცე არ არის არც სკოლა და არც უნივერსიტეტი. ჩვენ ხშირად ვსხედვართ სტუდიებში და ვლაპარაკობთ იმ ადამიანების პრობლემებზე. გვავიწყდება, რომ იმ ადამიანების პრობლემები განპირობებულია ჩვენი პასიურობითაც.“
გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ დეკლარაციების ენით საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალადობისადმი გულგრილობას იჩენენ ან ემხრობიან მას, უშედეგოა:
„ჩვენ არ ვუკაკუნებთ მათ კარზე და არ ვეკითხებით, რა მდგომარეობაა იქ. მხოლოდ დეკლარაციების ენით ამ ადამიანებთან ლაპარაკი არის აბსოლუტურად ფუჭი. იმ ადამიანებისგან ჩვენ აქეთ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, მაგრამ არის რაღაც, რაც შეგვიძლია ჩვენც გავუზიაროთ. როდესაც ჩვენ მათ კარზე დავაკაკუნებთ, უნდა ველაპარაკოთ მათ ენაზე. უნდა ვუთხრათ: „შვილიშვილზე იმის თქმა, რომ გააუპატიურეს და გამოისყიდა, არც ქრისტიანულია, არც ქართული ტრადიციის ნაწილია, არც ადამიანად ყოფნის მთავარ ნიშანს არ შეესაბამება.“ თუ ყველაფერს ყოველთვის პოსტფაქტუმ გავიგებთ, ყველაფერი პოსტფაქტუმ იქნება, ეს არ არის გამოსავლის ძიების უკეთესი გზა. პატარა შეცდომა აქვს დაშვებული, მიუთითე, მეორე შეცდომა დაუშვა, კიდევ დაელაპარაკე. ეს არის ძალიან კომპლექსურად სამუშაო და არა „ბნელებად“ და „ნათლებად,“ ე.წ. „ლიბერალებად“ დაყოფა.“
„მე სვანეთში მინახავს ოჯახები, სადაც დაცული არის ბალანსი და ქალს და კაცს შორის არის ბრწყინვალე ურთიერთობა ამ თვალსაზრისით, ეს მინახავს ბევრ მაღალმთიან სოფელში და პირიქით, არ მინახავს ქალაქში. ეს ყველაფერი არის ყველა კუთხის და ყველა ქალაქის პრობლემა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეზობლებს საკუთარი მეზობლის უკეთესი მაგალითი. იდენტობის თვალსაზრისით ის უფრო ახლოს არის მასთან, ვიდრე რაღაც ფურცელი, რომელსაც ის ვერ იგებს. როდესაც შენ ჩადიხარ იმპერატიული საუბრით, ეუბნები, რომ ეს ესე უნდა ქნა და არ ეუბნები, რატომ უნდა ქნას, გაუგებარი ხდება. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ის ჯიუტდება საკუთარ შეცდომაში,“ - აღნიშნულ პრობლემაზე გიორგი კეკელიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ საუბრობს.